გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.
მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით", - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, მამარდაშვილი ერთ სეზონს იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში გაატარებს და მომდევნო სეზონში ლივერპულის მთავარ გუნდს შეუერთდება.