ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც გუნდი ასტონ ვილასა და ბრიუგეს წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.
პარიზში წაგების შემდეგ, ქომაგთა მცირე ნაწილი თუ იფიქრებდა, რომ ფრანგები ენფილდზე სასურველ შედეგს მიიღებდნენ, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა!
შეხვედრის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ მატჩის მე-12 წუთზე გაიტანა, მას შემდეგ კი აქეთაც და იქითაც უამრავი მომენტი ვიხილეთ, თუმცა გოლი არსად გასულა. საბოლოო ჯამში მაყურებელმა პენალტების სერია მიიღო, სადაც ჯიჯო დონარუმამ გმირის მანტია ზუსტად ისე მოისხა, როგორც ევრო 2020-ის ფინალში, რამაც ფრანგები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მას მართლაც დასამახსოვრებელი საღამო გამოუვიდა. რამდენჯერმე კვარას გატანა თავადვე შეეძლო, 2-ჯერ კი გუნდელებს შეუქმნა ხელსაყრელი პოზიცია. გარდა ამისა, ხვიჩამ პსჟ 100%-იანი გოლისგანაც იხსნა, როცა მეტოქის დარტყმული კარის სიახლოვიდან გამოიტანა.
შეფასების დონეზე კვარა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ექსპერტებმა 7.8 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, მატჩის საუკეთესო კი ჯანლუიჯი დონარუმა 8.7 ქულით გახდა.