ბორჯღალოსნები იტალიის ზედიზედ მეორედ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მასპინძლებმა უმძიმეს ბრძოლაში 20:17 გაიმარჯვეს.
მატჩის შემდეგ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმაც გააკეთა.
"იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ამას 6 ერშიც ვხედავთ. ისინი უკვე 25 წელია 6 ერში არიან, ასევე 14 წელია URC-ში (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი - საკლუბო) ორი გუნდით თამაშობენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ მიეცეს ასეთ ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა?! გამოცდილების მიღების შანსი რომ გვქონდეს, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო! ამდენად, იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მაინც მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. უფრო მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. დღეს საოცარი თამაში იყო! საქართველოს არაფერი დაუკლია! ჩვენ ძალიან, ძალიან პატარა ერი ვართ, ვისთვისაც არავის სურს 6 ერში ან მსგავს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა", - განაცხადა ქოქრილმა.