"ბელგია ტაქტიკურადაც და ინდივიდუალურადაც ძალიან გამართული გუნდია" - რამაზ სვანაძე » სპორტის ხაზი

"ბელგია ტაქტიკურადაც და ინდივიდუალურადაც ძალიან გამართული გუნდია" - რამაზ სვანაძე

"ბელგია ტაქტიკურადაც და ინდივიდუალურადაც ძალიან გამართული გუნდია" - რამაზ სვანაძე
24-06-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა პორტუგალიასთან გამარჯვებით დაიწყო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე კვლავ საკმაოდ ძლიერი ბელგიის ნაკრები იქნება, რომლის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინაც ჩვენი გუნდის დამრიგებელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა:

"ბელგიელების წინააღმდეგ რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ბევრს აღარ ვისაუბრებ იმის შესახებ თუ როგორი გუნდი ჰყავს ჩვენს მეტოქეს, რადგან საქართველოს მიზანი უცვლელია. ყველა მატჩისთვის კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე ვემზადებით და ახლაც ასე იქნება. ცხადია, ისინი ძლიერები არიან, ტაქტიკურად და ინდივიდუალურად გამართულები. შევეცდებით, რომ კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნოთ."

"პორტუგალიასთან თამაშში ხარვეზები გვქონდა, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში, რომელთა გამოსწორებასაც ხვალინდელ თამაშში შევეცდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ჯერ კიდევ არ გინახავთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ყველა ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს გააკეთებს ქვეყნის წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი და ურთულესი გამოცდილებაა, რომელსაც საქართველოს მოთამაშეები იღებენ. 72 საათში ერთხელ დიდი ნაკრებების წინააღმდეგ თამაში ურთულესი ამოცანაა, თუმცა ტრავმები არ გვაწუხებს და წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

"გულშემატკივრებმა საოცარი ერთიანობა შექმნეს, რაც ჩვენზეც აისახა და გვსურს, რომ ასეთი სულისკვეთება ტურნირის ბოლომდე შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი მწყობრში გვაქვს, თუმცა დეტალები უშუალოდ დღევანდელ თამაშში გამოჩნდება. მთავარი ისაა, რომ ბელგიასთან სათამაშოდ თავდადებით გავიდეთ და ის სულისკვეთება არ დავკარგოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა."

"ეს ევროპის ჩემპიონატია და თითოეული წუთი, თითოეული წამია მნიშვნელოვანი. ჩვენ საქმე ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს, რადგან ამ ტურნირზე ისტორიაში პირველად ვმონაწილეობთ, თანაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ქომაგების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მოვიგეთ, რაც ისტორიას დარჩება, თუმცა ძალიან გვინდა, რომ ეს ლამაზი ისტორია კიდევ უფრო ლამაზად გავაგრძელოთ და მოგებების სერია არ შევწყვიტოთ."
- თქვა რამაზ სვანაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე გუნდების დაპირისპირება 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი