მესის და რონალდუს გარეშე | მუნდიალის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო XI » სპორტის ხაზი

მესის და რონალდუს გარეშე | მუნდიალის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო XI

მესის და რონალდუს გარეშე | მუნდიალის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო XI
3-12-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და დღეიდან, როგორც ლიონელ მესიმ აღნიშნა, ახალი მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, სადაც ყველა გუნდს მოგებისა და შემდეგ ეტაპზე მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს.

მუნდიალის პირველ ფაზაში, ანუ ჯგუფურ ეტაპზე ბევრი გამორჩეული ნაკრები თუ ფეხბურთელი იყო, რომელმაც დადებითად ან სულაც უარყოფითი თვალსაზრისით გაგვაკვირვა. გთავაზობთ ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი სპორტული გვერდის, talkSPORT-ის შედგენილ საუკეთესო XI, რომელიც ჯგუფური ეტაპის მიხედვითაა დაკომპლექტებული.

მეკარე: ვოიცეხ შესნი

ალბათ, მეკარის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მკაფიო ვარიანტი სწორედ პოლონელი მეკარეა, რომელმაც ტურნირის განმავლობაში 19-ჯერ მოიგერია ბურთი, აქედან ორი კი პენალტის ნიშნულიდან. აღსანიშნავია, რომ შესნიმ მეორე პენალტი თვით ლიონელ მესის აუღო და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა არგენტინასთან მაინც წააგო, საბოლოოდ პოლონელები 1/8 ფინალში კვალიფიცირდნენ, რაშიდ უდიდესი დამსახურება სწორედ ვოიცეხ შესნის მიუძღვის.

მცველები: ტეო ერნანდესი, ჰარი მაგუაიერი, იოშკო გვარდიოლი, აშრაფ ჰაკიმი

ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მცველებმა საუკეთესო თამაში შემოგვთავაზეს როგორც დაცვითი, ისე შეტევითი თვალსაზრისით.

საფრანგეთის ნაკრების განაპირა მცველი, ტეო ერნანდესი, რომელიც სულაც არ ყოფილა დიდიე დეშამის პირველი არჩევანი, მინდორზე ლუკას ერნანდესის ტრავმის შემდეგ გამოჩნდა, მას შემდეგ კი 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტეოს მილანში გატარებული კარგი პერიოდი მუნდიალზეც გადმოჰყვა, საფრანგეთმა კი მისი სახით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განაპირა მცველი მიიღო.

რაც არ უნდა კომიკური და ალოგიკური იყოს, ჰარი მაგუაერი მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი იყო. იმის ფონზე, თუ როგორი პრესა აქვს ჰარის მანჩესტერ იუნაიტედიდან მოყოლებული, ამას ცოტა თუ იფიქრებდა, თუმცა მაგუაერის დამაჯერებელი და ეფექტური თამაში მანჩესტერში ნაჩვენები პერფორმანსისგან რადიკალურად განსხვავდება და როგორც ვხედავთ, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ჰარიმ ნაკრები დიდ სცენაზე კვლავ დასაბრუნებლად გამოიყენოს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მაგუაიერი ევრო 2020-ზეც მშვენივრად გამოიყურებოდა და ზოგი სპორტული გამოცემის საუკეთესო XI-შიც კი მოხვდა.

მეორე ცენტრალური მცველი იოშკო გვარდიოლია, რომელიც ხორვატული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და ამომავალი ვარსკვლავია. იოშკო გვარდიოლის თამაშის კარგად აღსაწერად, ნამდვილად გამოდგება მისი გამოსვლა მოტივირებული ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მან უამრავი ეფექტური ვარდნა განახორციელა, მოიგო საჰაერო თუ ფიზიკური ორთაბრძოლა, დაფარა დიდი დისტანცია პროდუქტიულად და ასე შემდეგ. ცხადია, ხორვატი გულშემატკივარი გვარდიოლის სახით ძალიან დიდ ბონუსს იღებს.

მეოთხე მცველი აშრაფ ჰაკიმია, რომელიც მაროკოს ნაკრების სული და გულია. აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა, თუმცა ეს არაფერია, რადგან მთავარი ის გავლენაა, რაც ჰაკიმის მაროკოს ნაკრებზე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკიმ ზიეჩისა და იუსუფ ენ ნესირის სახით აფრიკელებს კარგი შეტევა ჰყავთ, მაროკოს მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ აშრაფ ჰაკიმი იყო, რომელმაც თავისი სწრაფი და ეფექტური ჩართვებით არაერთ გუნდს შეუქმნა უმწვავესი პრობლემები.

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო, ფრენკი დე იონგი

ბრუნო ფერნანდეში რომ დიდი ინტელექტისა და მონაცემების ფეხბურთელია, ამას წყალი არ გაუვა, რაც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც დადასტურდა. პორტუგალიელ ნახევარმცველს 2 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, რაც ნათლად ცხადყოფს თუ რამხელა განსხვავების შეტანა შეუძლია მას ნაკრების წარმატებაში.

მეორე მოთამაშე კაზემიროა, რომელმაც თავისი ყუმბარისებული დარტყმით ბრაზილიას შვეიცარიასთან 3 ქულა მოუტანა და ჯგუფიდან გასვლა გაუნაღდა. კაზემიროს როლი ბრაზილიის ნაკრებში წინა მუნდიალზეც ძალიან კარგად გამოჩნდა, კერძოდ ბელგიის ნაკრებთან 1/4 ფინალში, სადაც ფერნანდინიომ კაზემიროს როლის შეთავსება სცადა, თუმცა თამაში საშინლად გამოუვიდა. ნათელია, რომ კაზემირო ბრაზილიის შუა რგოლის ნამდვილი ბურჯი და დასაყრდენია. გარდა ამისა, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს შეტევებში ჩართვები და შორეული გასროლებიც მშვენივრად გამოსდის.

მესამე ნახევამრცველი ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ფრენკი დე იონგია, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე გოლი და ასისტი მოუგროვდა. უპირველეს ყოვლისა, დე იონგის საგოლე გადაცემაა გამოსაყოფი, რომელიც მან სენეგალის ნაკრებთან ურთულესს შეხვედრაში გააკეთა და კოდი გაკპოს გაატანინა. მართალია, იქ ედუარდ მენდის შეცდომაც იყო, მაგრამ დე იონგის ასისტი სწორ დროს, სწორ ადგილას ვიხილეთ, რასაც, ცხადია, რომ ბარსას ფეხბურთელს ვერ დავუკარგავთ. გარდა ამისა, ფრენკიმ გოლიც შეაგდო, მთავარი კი ისაა, რომ მას ტემპის მართვა და თამაშის სცენარის განსაზღვრა იდეალურად გამოსდის.

თავდამსხმელები: კილიან მბაპე, კოდი გაკპო, ჰაკიმ ზიეჩი

მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე საკლუბო ასპარეზზეც მომაკვდინებელია, მისი და მსოფლიოს ჩემპიონატების ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. როგორც იცით, მბაპე ჯერ კიდევ 23 წლისაა, თუმცა კილიანმა მუნდიალზე უკვე 7 გოლის გატანა შეძლო, აქედან 3 ამ ჯგუფურ ეტაპზე შეაგდო, რასაც 1 საგოლე გადაცემაც დაუმატა. უდავოა, რომ მბაპე საფრანგეთის ნაკრების მთავარი გამამწვავებელი ფეხბურთელია და მისი სახით, არცერთი გუნდის არცერთ დაცვით ფეხბურთელს კარგი დღე არ ელის.

მეორე ფორვარდი ახალგაზრდა კოდი გაკპოა, რომელმაც პსვ-ში საოცარი სეზონი მუნდიალზეც გამოიყოლა და ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში თითო გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი გაკპოსგან განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან მას, იმ პერიოდში უწევს თავის გამოჩენა, როცა ნიდერლანდების ნაკრებს ფორვარდების მოძიება და მათი გამოყენება უჭირს.

XI-ის ბოლო ფეხბურთელი კი ჰაკიმ ზიეჩია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ზიეჩი თითქმის აორთქლდა, მუნდიალზე მისი თამაში ყველას აღტაცებას იწვევს. ალბათ, მისი პერფორმანსის საუკეთესო შეფასება მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვალიდ რეგრაგის სიტყვებთან მიგვიყვანს: "ბევრი ფიქრობს, რომ ჰაკიმს ცუდი ხასიათი აქვს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. თუ თქვენ ზიეჩს სიყვარულსა და ნდობას მისცემთ, ის თქვენთვის სიცოცხლესაც გაიღებს."

მესის და რონალდუს გარეშე | მუნდიალის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო XI


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი