ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მაროკოსთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მაროკოსთან მატჩამდე

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მაროკოსთან მატჩამდე
14-11-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული მატჩის შესახებ პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა:

"ერთა ლიგის წარმატებით დასრულებით კმაყოფილები ვართ. ბედნიერი ვარ პირველი ადგილით, თუმცა არც ისე კმაყოფილი გიბრალტარში ჩატარებული მატჩით. არ გვითამაშია კარგად, თუმცა არ ყოფილა იოლი ფეხბურთელებისთვის, განსხვავებულ სტადიონზე, ხელოვნურ საფარზე თამაში. მეორე ნახევარი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი იყო ჩვენი შესრულებით. მაგრამ, საერთო ჯაში, ივნისის ოთხი მატჩის და სექტემბრის თამაშებიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა და გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენი მიზანია, რომ ეს წინსვლა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრძელდეს."

"კვარაცხელიას ზურგის ტრავმა აქვს. იმედი მაქვს, რომ კარგად დაისვენებს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდება."

"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რთული იქნება, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი მხოლოდ ესპანეთია და დანარჩენი გუნდებისთვის ყველაფერი შესაძლებელია. წარმატებული სერიის მიუხედავად, არ უნდა გვეგონოს, რომ უფრო წინ ვართ, ვიდრე სინამდვილეშია. უნდა გავაგრძელოთ საკუთარ თავზე მუშაობა, წინსვლა და იმედია, რომ ჩვენ მეტოქეებთან, რომლებიც ძლიერი გუნდები არიან, შევძლებთ წარმატების მიღწევას."

"ახლა ნოემბერია და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამიტომ, მოსაფიქრებლად დრო გვაქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე ნაკრებში შეუძლიათ თამაში და იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ვიცი, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ქვეყნისთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია."

"მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე უჩვეულო სიტუაციაში ვართ. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ან იგივე გუნდით გვეთამაშა, ან შანსი მიგვეცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელისთვის. ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ნოემბერში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამომეცადა. მომავალში ყოველთვის დაგვჭირდება ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება, თუმცა ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი დონე აქვთ და შეუძლიათ ნაკრებისთვის კარგი სიახლის მიცემა. გოჩოლეიშვილის და საზონოვის სახით ორი დებიუტანტი გვყავს. ნაკრებში ლევან შენგელია დაბრუნდა. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში, ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, მას კარგი თამაშები ჰქონდა და ეს დაიმსახურა. დაბრუნდა გიორგი ბერიძე, რომელიც თურქეთში კარგად ასპარეზობს. როგორც ვთქვი, მსურს ახალი მოთამაშეების ხილვა. ხუთშაბათს გვაქვს თამაში და მანამდე მხოლოდ ორი ვარჯიში. ბუნებრივია, რომ ისინი იმისთვის გამოვიძახე, რომ ვნახო, თუ რა შეუძლიათ მოედანზე. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და ფეხბურთელებისთვის შანსია, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან. საქართველოსთვის სწორედ ეს გვსურს და თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გსურს, უნდა აჩვენო, რომ ტურნირის მონაწილესთან თანაბარ დონზე ასპარეზობა შეგიძლია."

"გიორგი ჩაკვეტაძეს რამდენიმე დღე დასვენება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან ერთად იქნება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებთან ერთად იყოს და თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს. მოახლოებული მატჩი არა მხოლოდ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, არამედ ახალი ფეხბურთელების ინტეგრირებისთვის უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად ლოჩოშვილს, რომელსაც აქამდე ბევრი არ უთამაშია, მაროკოსთან ამის შესაძლებელობა და საკუთარი პროგრესის ჩვენების საშუალება ექნება. როდესაც შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელს ცვლი, გარკვეულ ხარისხს და გუნდურობას კარგავ, რაც ბუნებრივია და ამისთვის მზად ვართ, რადგან ვიცით, რომ მაროკოსთან შეხვედრა არ არის მთავარი და მას თამაშებისთვის მოსამზადებლად ვუყურებთ."

"ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და კმაყოფილი ვარ. მინდა, რომ ახალ გუნდში უფრო თავდაჯერებული გახდეს, რთული პერიოდი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბში თავს გამოიჩენს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ვფიქრობ, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ორ შეხვედრას ჩაატარებს, რაც რიტმში ყოფნის საშუალებას მისცემს."

"რაც შეეხება გიორბელიძეს, ყოველთვის გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ჩემთვის რთული იყო, მისი არგამოძახება, რადგან ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი მებრძოლია. თუმცა, გარკვეულ მომენტებში ცივსისხლიანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. მის ფლანგზე კონკურენცია დიდია და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურენცია ბიძგს მისცემს, რომ კიდევ უფრო მაღალი დონეზე ავიდეს."

"ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით მომხდარის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გუნდისთვის მისი გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა."

"მას შემდეგ, რაც ლაზარე კუპატაძე უკლუბოდ დარჩა ნაკრებში მესამე მეკარედ ლევან შოვნაძე გამოვიძახეთ. მინდოდა შანსი კერესელიძისთვის მიმეცა, მაგრამ ტრავმა მიიღო. გასულ წელს გუგეშაშვილიც გვყავდა გუნდში. მესამე მეკარეს განსხვავებული როლი აქვს და ყოველთვის მზად უნდა იყოს. არ გვყავს ისეთი მესამე მეკარე, რომელიც სხვებს ბევრად აღემატება და სწორედ ეს იყო როტაციის მიზეზი. ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი თამაშიდან გამომდინარე, არ ჩავთვალე საჭიროდ მესამე მეკარის გამოძახება." - თქვა ვილი სანიოლმა.

ინფორმაციას შეხვდებით Nakrebi.ge-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი