სიკვდილის ჯგუფი თუ სახელის გავლენა - რამდენად ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს U21 ევროზე თამაში? » სპორტის ხაზი

სიკვდილის ჯგუფი თუ სახელის გავლენა - რამდენად ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს U21 ევროზე თამაში?

სიკვდილის ჯგუფი თუ სახელის გავლენა - რამდენად ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს U21 ევროზე თამაში?
12-06-2023, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

ბევრი საუბარი და შეხსენება აღარ სჭირდება იმ ფაქტს, რომ საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება. ჩვენი ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია გვეყოლება.

რა თქმა უნდა, ასეთი ჯგუფი ერთ შეხედვით სასიამოვნოდ ნამდვილად არ აღიქმება, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრები სახელების მიხედვით ყველაზე რთულ ჯგუფშია მოხვედრილი. მიუხედავად ამისა, ისმის ლოგიკური შეკითხვა, - არიან თუ არა რეალურად ისეთი ძლიერები ჩვენი მეტოქეები, როგორებადაც თავიდანვე არიან წარმოდგენილნი?

ბელგია

ბელგიის 21-წლამდე ნაკრები ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის მე-11 პოზიციას იკავებს. მათ U21 ევროპის ჩემპიონატზე ამ საუკუნეში 3-ჯერ უთამაშიათ, საუკეთესო მაჩვენებელი კი 2007 წელს დააფიქსირეს, როდესაც ნახევარფინალში გავიდნენ, იქ კი სერბეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. მათ ამჟამინდელ გუნდს თბილისში რამდენიმე ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელი ჩამოჰყვება, ესენი შარლე დე კეტელარე (მილანი), ასტერ ვრანკსი (მილანი), რომეო ლავია (საუთჰემპტონი) და სხვები არიან.

ბელგიის 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, მათი მეტოქეები კი დანიის, თურქეთის, შოტლანდიისა და ყაზახეთის ნაკრებები იყვნენ. მათ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულეს და მეორეადგილოსან დანიას, რომელსაც 17 ქულა ჰქონდა, 3 ქულით გაასწრეს (ბურთების შეფარდება 14:2). საგულისხმოა, რომ ბელგიის რიგებში საუკეთესო გოლეადორი, კერძოდ ლუის ოპენდა (ლანსი) საქართველოში თავის გუნდს არ გამოჰყვება, რადგან ის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

რაც შეეხება საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე გუნდების ურთიერთშეხვედრებს, ის არც არასდროს გამართულა. შესაბამისად, რამაზ სვანაძის გუნდი ბელგიის ასაკობრივს ისტორიაში პირველად შეხვდება.

ნიდერლანდები

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, ნიდერლანდების (რეიტინგში მე-7) 21-წლამდე ნაკრებს ამ საუკუნეში ევროპის ჩემპიონატზე აქამდე 8-ჯერ უთამაშია, აქედან კი მათ გამარჯვების მოპოვება ორჯერ, 2006 და 2007 წლებში შეძლეს. ნიდერლანდებს საქართველოში რამდენიმე ცნობილი და გამორჩეული ფეხბურთელი ეყოლება, ესენი ბრაიან ბრობი (აიაქსი), რაიან გრავენბერხი (ბაიერნი) და ჯოშუა ზირკზე (ბოლონია) არიან.

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის ჯგუფში პირველი ადგილი 26 ქულით (ბურთების შეფარდება 32:3) დაიკავა და მეორეადგილოსან შვეიცარიას 3 ქულით გაასწრო. მათ შესარჩევში დაპირისპირება შვეიცარიასთან ერთად უელსის, მოლდოვის, ბულგარეთისა და გიბრალტარის ასაკობრივებთან მოუხდათ. შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდელებმა ჯგუფური ეტაპი ბელგიაზე დამაჯერებლად გაიარეს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მათ უფრო იოლად დასამარცხებელი მეტოქეები შეხვდათ.

საგულისხმოა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრილან და ორივე გუნდს თითო გამარჯვება აქვს მოპოვებული. საქართველომ ნიდერლანდები 2014 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრაში 0-1 დაამარცხა, საშინაო კედლებში კი დიდი ანგარიშით, 0:6 განადგურდა.

პორტუგალია

ჩვენი ჯგუფის ბოლო წევრი პორტუგალიის ნაკრებია, რომელიც 21-წლამდე მსოფლიო რეიტინგში ჯგუფის ყველაზე მაღალ, კერძოდ მე-6 პოზიციას იკავებს. მათ U21 ევროპის ჩემპიონატზე ამ საუკუნეში აქამდე 9-ჯერ უთამაშიათ, მისი მოგება კი ვერცერთხელ შეძლეს. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელები ოქროსთან ძალიან ახლოს ორჯერ იყვნენ, ჯერ 2015, შემდეგ კი 2021 წელს, თუმცა ფინალი ორივეჯერ დათმეს. პორტუგალიელებს საქართველოში ისეთი მოთამაშეები ჩამოჰყვებიან, როგორებიც ანდრე ალმეიდა (ვალენსია), პედრო ნეტო (ვულვზი) და ნუნო ტავარეში (მარსელი) და სხვები არიან.

პორტუგალიის ასაკობრივმა U21 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთ გუნდებთან ერთად იასპარეზა, როგორებიც ისლანდია, საბერძნეთი, ბელორუსია, კვიპროსი და ლიხტენშტაინი არიან. მათ ჯგუფში პირველი პოზიცია 28 ქულით დაიკავეს და მეორეადგილოსან ისლანდიას მთელი 10 ქულით გაასწრეს, ბურთების შეფარდება კი 41:3-ზე დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიას საქართველოში გონსალო რამოსი არ ჩამოჰყვება (ეროვნულ გუნდში გამოძახების გამო), რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით გახდა.

საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდე გუნდებს აქამდე ერთმანეთთან ერთხელ, 2022 წელს ამხანაგურ შეხვედრაში უთამაშიათ, სადაც ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით, 4:1 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდი პირველ შეხვედრას სწორედ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს (21 ივნისი). მეორე მატჩი ბელგიელებთან გვექნება (24 ივნისი), ბოლო შეხვედრა კი ნიდერლანდებთან (27 ივნისი). საგულისხმოა, რომ სამივე ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყველა მათგანი დინამო არენაზე გაიმართება, ბილეთების ყიდვა კი უკვე Tkt.ge-ზე შეგიძლიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი