"კოლხეთი" ფოთში დაბრუნდა და ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე გამართავს.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი 28 მარტს შინ "გაგრას" მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, კლუბმა ქომაგებს მიმართა თხოვნით, დაიცვან უეფა-ს გამკაცრებული მითითებები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.
"28 მარტს, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა ჩვენს ქალაქში კვლავ იმართება. წარსულში ჩვენმა გულშემატკივრებმა არაერთხელ გამოავლინეს გუნდისადმი ერთგულება. ამის დასტურია ფოთში გამართული თასის მატჩები, რომლებიც სავსე ტრიბუნებით გამოირჩეოდა, ასევე 2023 წლის სეზონის დასასრულს საგარეჯოში ჩატარებული შეხვედრა, სადაც ქომაგთა რაოდენობამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა.
თუმცა, ამ პოზიტიურ მოვლენებთან ერთად, იყო გარკვეული უარყოფითი შემთხვევებიც, როგორიცაა მაყურებლების მატჩის შემდეგ მოედანზე შესვლა, რაც სრულიად მიუღებელია. ჩვენ გვესმის, რომ ეს ქმედებები სიხარულის გამოხატვას ემსახურება, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ქომაგთა საქციელი კანონის ფარგლებში უნდა რჩებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში შევა უეფა-ს მკაცრი რეგულაციები სტადიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც კლუბის ფინანსურ ჯარიმასა და სტადიონის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს, ანუ მომდევნო მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ეს ზიანს მიაყენებს გუნდს, ქომაგებსა და მთლიანად ქალაქს.
ვიმედოვნებთ, რომ "კოლხეთის" გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს თხოვნას და კვლავაც გამოიჩენენ თავს სამაგალითო ქცევით, როგორც ეს მრავალჯერ გაუკეთებიათ"
- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.