ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე რიგით მეორე ბრძოლა მოიგო და ნახევარფინალში კვალიფიცირდა.
ყაზახი მეტოქის დამარცხების შემდეგ, გურულმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც ლაშა ყურადღებას მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს.
მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. პირველი რაუნდი მოგებული რომ გვეგონა, 0:5 წაგება ჩაგვითვალეს. ამ დროს ზუსტად ის ემოციები დამეუფლა, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როცა ვფიქრობდი, რომ ბრძოლას მოგებით მხოლოდ ნოკაუტის შემთხვევაში დავასრულებდი. ახლაც ეს მომენტი მქონდა, მაგრამ ზუსტად ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ ნოკაუტზე ფიქრი არ ღირდა.
ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემთან იყო და ყველაფერი გამოვიდოდა. ჩემი ხასიათი და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად გამოვავლინე. ეს ყველაფერი დაფასდა და ნახევარფინალში გადავედით.
- თქვა გურულმა.
ცნობისთვის, ლაშა თავის მომდევნო შეხვედრას კუბელი მოკრივის, ერსილანდი ალვარესის წინააღმდეგ გამართავს. ეს ბრძოლა 4 აგვისტოს შედგება.