კომენტატორმა, ბიძინა ბარათაშვილმა რამდენიმე თვის წინ "საგოლე გადაცემაში" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩაიშალა ამჟამად ლა ლიგაში მოასპარეზე არგენტინელი ფეხბურთელის, გონსალო ესკალანტეს გადასვლა "დინამო თბილისში".
"პირადად მქონდა კომუნიკაცია "დინამო თბილისთან“, გონსალო ესკალანტეს შესაძლო ტრანსფერზე. პატრიციო ტეუბალი, რომელიც "პალერმოს“ სპორტული დირექტორი იყო, ჩემი ახლო მეგობარი და "ბოკა ხუნიორსის“ წრეში მიღებული კაცია. ესკალანტე მაშინ სწორედ "ბოკაში“ თამაშობდა და პატრიციომ მითხრა, რომ საქართველოში გადმობარგებაზე თანახმა იქნებოდა, თუკი სათანადო ხელფასს გადაუხდიდნენ.
მათი პირობები "დინამოს“ ხელმძღვანელობას გავაცანი და რა უნდა მოეთხოვა განსაკუთრებული 20-22 წლის ბიჭს, მაგრამ აქ ეს პირობები არ მოეწონათ და ტრანსფერი ჩაიშალა. სამაგიეროდ, მოეწონა "ეიბარს“ და დღემდე ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორს შორის მოგზაურობს. ცოტა ხნით იყო "ლაციოში“, ახლა კი ისევ ლა ლიგაში დაბრუნდა.
მესმის, რომ ესკალანტე რედონდო არაა, ეს ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩამოყავთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ ევროტურნირების განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან", - თქვა ბიძინამ.
ცნობისთვის, 30 წლის გონსალო ესკალანტე სხვადასხვა დროს, "ბოკა ხუნიორსში“, "ეიბარში" თამაშობდა. ახლა კი "ლაციოს" საკუთრებაა და კადიზშია განათხოვრებული.