ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დამაჯერებლად თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით, საბა საზონოვით არაერთი იტალიური კლუბი დაინტერესდა, მათ შორის უდინეზე, სასუოლო და ფროზინონე.
როგორც იცით, ამ უკანასკნელში ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე სულ ახლახანს გადავიდა და მომდევნო 1 სეზონის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს.
თუ იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ საზონოვისადმი ინტერესი დაადასტურა, რაც გვაფიქრებინებს, რომ დინამო მოსკოვმა საბას თაობაზე წინადადება მალე უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, საბა საზონოვით იტალიური გუნდების პარალელურად გერმანული ჰამბურგიც ინტერესდებოდა, თუმცა მათ ქართველი ფეხბურთელის შეძენაზე უარი მაღალი კონკურენციის გამო თქვეს.