ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში კატალონიური დერბი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა თანაქალაქელი მეტოქე "ესპანიოლი" და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში 53-ე წუთზე ლამინ იამალმა გახსნა — ახალგაზრდა ვარსკვლავმა მარჯვენა ფლანგიდან ეფექტური იერიში წამოიწყო, მოედნის ცენტრისკენ შეიჭრა და მარცხენა ფეხით ბრწყინვალე დარტყმით გოლი გაიტანა.
მე-80 წუთზე "ესპანიოლის" მცველმა, ლეანდრო კაბრერამ, იამალის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც მასპინძლები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. საბოლოო ანგარიში მე-90+6-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა დააფიქსირა — 2:0 „ბარსელონას“ გამარჯვებით.
ამ შედეგით „ბარსელონამ“ ქულათა რაოდენობა 85-მდე აიყვანა და უშუალო მდევარს, მადრიდის „რეალს“, 7 ქულით გაუსწრო, რაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლა ლიგის ტიტულის მოპოვებას ნიშნავს.
შესაბამისად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჩემპიონები 2022/23 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდნენ.
სეზონის ბოლო ორ ტურში "ბარსელონა" ჯერ შინ "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს "ბლაუგრანას" 28-ე ჩემპიონობაა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში.