სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფუტსალის უმთავრესი ლიგა, რეგულარული სეზონის ბოლოსწინა, მე-20 ტურით განახლდა. ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა მესამედაც სძლია ბეტის თბილისს, დინამო თბილისმა UG-წალენჯიხა შეაჩერა, არმიამ კსუ-ს ამჯერად მოუგო, მაგრამ მაინც მესამეზე დარჩა. ცუდი სტარტის შემდეგ, პსპ-მ მაინც იძალა, თსუ-სთან იმარჯვა და ფლეი ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა. მოკლედ, ეს მოვლენები მოხდა მეოცე ტურში, დეტალური მიმოხილვისთვის კი თანმიმდევრობას მივყვეთ.
ტური ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსისა და ბეტის თბილისის დაპირისპირებით განახლდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალბედა ბეტისი მოქმედ ჩემპიონებთან ვერას გახდა და ჯორჯიანსელებმა მე-13 ტურის შედეგი (12:3) გაიმეორეს. ეს მატჩი ნიუ ვიჟენისა და მთლიანად, ფუტსალის ლიგის მთავარ მეგოლე იტალო ფსილიოს ბენეფისად იქცა. ფსილიომ 5 ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა ცხრილში 41 გოლით მიუწვდომელი შეიქმნა. ნიკოლოზ გაბრიჩიძემ და ვილიან სოუზამ დუბლი შეასრულეს. დავით ხეჩიკაშვილმა, შოთა თოფურიამ და რონინიომ თითო ბურთი მიითვალეს. ბეტისელთაგან დავით უდუმაშვილმა ერთი, ხოლო გიორგი მანაგაძემ ორი ბურთი გაიტანა.
ზედიზედ 3 მოგების (პსპ-სთან, ბეტისთან და არმიასთან) შემდეგ, UG-წალენჯიხა დინამო თბილისმა შეაჩერა. თამაში მძიმედ დაიწყო და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა. თუმცა, ტაიმის პირველმა ნახევარმა მშრალად ჩაიარა. მე-14 წუთზე დინამოელებს, მეკარე ლუკა ხარშილაძე მოევლინა მხსნელად, რომელმაც იერიში წამოიწყო და თავადვე დაგვირგვინა, 0:1. წუთში დავით ხუბუტიამ სხვაობა გააორმაგა (0:2), კიდევ 3 წუთში გიგა ლაგაზაშვილმა სხვაობა სამამდე გაზარდა, 0:3. მეორე ტაიმი წალენჯიხელთა შეტევებით დაიწყო და მათ 21-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ლუკა ჯოლოხავამ გოლად აქცია. ამას ორმხრივი შეტევები მოჰყვა. 33-ე წუთზე ზურაბ ღვინჯილიამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 2:3. წალენჯიხელებს 7 წუთზე მეტი ჰქონდათ მატჩის გადასარჩენად. თუმცა, ეს დრო უგოლოდ იწურებოდა, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ლაშა-გიორგი ობოლაძემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:4.
პსპ-სა და თსუ-ს დაპირისპირება, უდავოდ ტურის ცენტრალური მატჩი გახლდათ. მიმდინარე სეზონის გასული ორი შეხვედრა სტუდენტებმა მოიგეს. თუმცა, ეს ერთი რიგითი თამაში არ იყო. სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო ზედა ოთხეულში დამკვიდრების, შესაბამისად ფლეი ოფში მოასპარეზე გუნდის ვინაობა. თამაში ფარმაცევტებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გახსნა, 1:0. თუმცა, სტუდენტებიც არ დარჩნენ ვალში, 3 წუთში მელტონ ახალაიამ წონასწორობა აღადგინა, მე-15 წუთზე კი მანვე წინ გაიყვანა თსუ, 1:2. თუმცა, პსპ-მ კვლავ იძალა და ლევან სვანიძემ დუბლით, ფარმაცევტები ისევ დააწინაურა, 3:2. მეორე ტაიმიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 31-ე წუთზე რომან კუხიანიძემ ანგარიში გათანაბრა, 3:3. ორიოდე წუთში მიხეილ თევზაძემ პსპ კიდევ ერთხელ წინ გაიყვანა, 4:3. ამის შემდეგ მეკარე ნიკოლოზ ფხაკაძის ჯერი დადგა, რომელმაც, საკუთარი საჯარიმოდან, შორეული დარტყმით, მეტოქის ცარიელ კარში ორი ერთნაირი გოლი გაიტანა. შუალედში კი რომან კუხიანიძემ ერთი ბურთი გაქვითა. პსპ-მ ამ სეზონში პირველად სძლია თსუ-ს (6:4), რითაც პრაქტიკულად გაინაღდა მეოთხე ადგილი და ფლეი ოფში თამაშის შანსი. ცნობისათვის, ფარმაცევტები ბოლო ტურში ბეტის თბილისს ეთამაშებიან და დიდი შანსია, რომ წინა ორი თამაშის მსგავსად, ამ მატჩშიც მოუგებენ ბეტისელებს.
კსუ-მ წინა ორი შეხვედრა მოუგო არმიას, ამჯერად კი მარცხი იწვნია. მეორე წუთზე გიორგი ქურდაძემ პენალტით გახსნა ანგარიში. 9 წუთში გიგა ბერაიამ, სხვაობა გააორმაგა, 2:0 და ტაიმი ამ შედეგით დასრულდა. 24-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ პენალტით, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 2:1. თუმცა, მატჩის მიწურულს, გიორგი თოლორდავასა და მეკარე ვახტანგ ტერუნაშვილის თითო გოლით, არმიელებმა 4:1 მოიგეს. გამარჯვების მიუხედავად, მესამეზე მყოფი არმია 4 ქულით ჩამორჩება კსუ-ს და სტუდენტებმა მეორე ადგილი გაინაღდეს.
geofutsal