ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ნატალი პორტმანი საფეხბურთო სამყაროს სულ უფრო აქტიური გულშემატკივარი ხდება. Canal+–თან ინტერვიუში ვარსკვლავმა აღიარა, რომ საფრანგეთის ჩემპიონი კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ მიმართ სიმპათია მისი შვილის გავლენით გაუჩნდა.
„ვფიქრობ, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების სრული პოტენციალი აქვს. ამ სეზონში ისინი საუკეთესოები არიან. რაც ფეხბურთზე ვიცი, ყველაფერს ჩემი შვილისგან ვსწავლობ. მან მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც სუპერვარსკვლავები კლუბიდან წავიდნენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩნდნენ, გუნდმა უფრო კოლექტიურად დაიწყო თამაში. ვარ თუ არა პსჟ-ს გულშემატკივარი? – რა თქმა უნდა!“ – აღნიშნა პორტმანმა ღიმილით.
პორტმანის ინტერვიუს ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობს, სადაც ფრანგული კლუბი მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.