"მამაჩემმა მხოლოდ 25 წელი იცოცხლა, თუმცა ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო" - ვიტალი დარასელიას შვილი » სპორტის ხაზი

"მამაჩემმა მხოლოდ 25 წელი იცოცხლა, თუმცა ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო" - ვიტალი დარასელიას შვილი

"მამაჩემმა მხოლოდ 25 წელი იცოცხლა, თუმცა ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო" - ვიტალი დარასელიას შვილი
15-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვრცელდება ლეგენდარული დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელის, აწ უკვე გარდაცვლილი ვიტალი დარასელიას შვილის, ქრისტინა დარასელიას ინტერვიუ, რომელიც ჟურნალმა სარკემ წარმოგვიდგინა:

"ჩემთვის დასრულდა ეპოქა, რომლის საძირკველი ვიტალი დარასელიას ფენომენი იყო", – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა თბილისის დინამოს ლეგენდარული მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი, ლეგენდარულ ფეხბურთელ ვიტალი დარასელიას, რომელმაც მართლაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა" – წერს ჟურნალი "სარკე" და ამ ეპოქის ლეგენდარულ ფეხბურთელზე, ვიტალი დარასელიაზე, მის ქალიშვილს, ქრისტინას ესაუბრება.

ვიტალი დარასელიას 9 ოქტომბერს 66 წელი შეუსრულდებოდა. მისი იუბილე აფხაზეთში, ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში აღნიშნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ იუბილეზე ფეხბურთელის შვილები, ქრისტინა და ვიტალი მიიწვია. თუ როგორ აღნიშნეს ეს თარიღი, ქრისტინა დარასელია “სარკეს” უყვება:

– მამაჩემის მემორიალს ჩაუტარდა რეაბილიტაცია – შემოღობეს, მარმარილო გამოცვალეს. შემდეგ სოხუმში, სოხუმის “დინამოს” სტადიონზე აფხაზეთის ე.წ. ნაკრების და ოჩამჩირის ვეტერან ფეხბურთელებს შორის მატჩი გაიმართა. ამ შეხვედრაში ჩემი ძმაც მონაწილეობდა.

— ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელებიდან ვინ თამაშობდა?

– ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა იყო.

— მამათქვენი ოჩამჩირეშია დაკრძალული. არ გიჭირთ თბილისიდან აფხაზეთში ჩასვლა, რომ საფლავი მოინახულოთ, პრობლემები არ გექმნებათ?

– ჩვენ – არა, აფხაზები ვართ და პრობლემა არ გვაქვს. დედაჩემი, მარინა მამალაძე, ქართველია. იმ დროს კი ცხოვრობდა აფხაზეთში, მაგრამ ქმრის დაკრძალვის შემდეგ იქ აღარ ყოფილა. ახლა თბილისშია. ოჩამჩირეში მამაჩემის დედა, მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილები ცხოვრობენ.

ქრისტინა დარასელია: "მამამ, ვიტალი დარასელიამ, 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო"— როდესაც იქ ჩადიხართ, როგორ გხვდებიან აფხაზები?

– ოჩამჩირეში ვიტალი ძალიან უყვართ, ის იქ ფაქტობრივად გმირია, რომელმაც თავისი მხარე ასახელა. რა თქმა უნდა, მამაჩემის მიმართ სიყვარული ჩვენზე, შვილებზეც გადმოდის და ძალიან კარგად გვხვდებიან.

— მამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ დარჩა ის თქვენს მეხსიერებაში.

– მამა როდესაც გარდაიცვალა, ძალიან პატარა, 4 წლის ვიყავი და ფოტოები რომ არა, ალბათ მის სახეს ვერც გავიხსენებდი. სახლში თითქმის არ მოდიოდა, სულ შეკრებაზე ან თამაშებზე იყო, ამიტომ, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ მაქვს მოსაგონარი. დაკრძალვაც კი ბუნდოვნად მახსოვს. ყველაფერი გადმოცემით ვიცი.

მისი ცხოვრებიდან ერთ ისტორიას მოგიყვებით: სკოლაში კარგად არ სწავლობდა, ხულიგანი ბიჭი იყო. ერთხელ მათი კლასი შატალოზე წასულა. ერთი მასწავლებელი არ მოსწონდათ და ერთ-ერთ მოსწავლეს დაფაზე დაუწერია, თუ არ შეგვიცვლით, სკოლაში არ დავბრუნდებითო. როდესაც უკითხავთ, ვინ დაწერაო, მხოლოდ მამა ამდგარა ფეხზე. მასწავლებელს უთქვამს, დაჯექი, შენ არ სწავლობ, რა გეშველება, როგორ ირჩენ თავსო. თურმე მამამ უპასუხა, ნუ ნერვიულობთ, ჩემი ფეხები მარჩენენო.

მართლაც, პატარა ასაკის მიუხედავად, ოჯახს ის არჩენდა. ბაბუაჩემი ადრე გარდაიცვალა, ამიტომაც მამა ასაკთან შედარებით სერიოზული იყო, თუმცა სულ იღიმოდა. აფხაზი ფეხბურთელებიც იხსენებდნენ, როდესაც თბილისში ჩამოვედითო, “დინამოში” იმდენად უყვარდათ და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ეს ურთიერთობა ჩვენზეც გადმოდიოდაო.

— მამის მეგობრებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

– “დინამოს” მაშინდელ წევრებს, რა თქმა უნდა, ვეკონტაქტები, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა საშა ჩივაძესთან მაქვს, ასევე – მამაჩემის უახლოეს მეგობართან, ანრი ზურიკაშვილთან, რომელიც ჩემი ნათლიაა. ის ფეხბურთელი არ არის.

— რას გიამბობენ ისინი ვიტალი დარასელიაზე?

– ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან კაცური, სერიოზული იყო. 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო.

თურმე არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და გემოვნება ჰქონდა, უყვარდა კარგად ჩაცმა. უცხოეთში რომ მიდიოდა, იქიდან შვილებისთვის ისეთი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა, რომ, ჩვენ გარდა, არავის ეცვა.

— მამისგან ბევრი ნივთი დაგრჩებოდათ სახსოვრად. მათგან რომელს გამოარჩევდით?

– 1981 წელს მოპოვებულ თასს. “კარლ-ცაისთან” როგორც გადამწყვეტი გოლის ავტორს, ვერცხლის თასი მამას გადასცეს.

— მოგვიყევით, როგორ გაიცნეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი.

– ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. მამა დედაზე 3 წლით უფროსი იყო. დედა სკოლაში პატარა ასაკში შეიყვანეს, მამა ერთი კლასით წინ სწავლობდა, ამიტომ ერთი წელი სპეციალურად ჩარჩა კლასში, რომ მისი კლასელი გამხდარიყო.

სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი. შემდეგ გაიპარნენ. ჩემმა მშობლებმა 5 წელი იცხოვრეს ერთად. დედა 22 წლის იყო, რომ დაქვრივდა.

ასაკით პატარები იყვნენ, მე რომ გავჩნდი. თურმე მამა ამბობდა, რომ გაიზრდება, ვერავინ მიხვდება, მამა-შვილი თუ ვართო. ქრისტინა მან დამარქვა. როდესაც მე დავიბადე, გერმანიაში იყო. იქ მსახიობი მოსწონებია, რომელსაც ქრისტინე ერქვა, დაურეკავს და უთქვამს, ბავშვს ქრისტინა დაარქვითო.

— როგორც ვიცი, თქვენი ძმის სახელის დარქმევასაც საინტერესო ისტორია ახლავს თან.

– დიახ. იტალიაში “ნაპოლისთან” ჰქონდათ თამაში და მატჩის წინ უთქვამს, გოლს ვინც გაიტანს, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და თვითონ გაიტანა გოლი, ამიტომ შვილსაც ვიტალი დაარქვა.

სხვათა შორის, ჩემს ძმიშვილსაც ვიტალი ჰქვია და ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” აკადემიაში თამაშობს.

ფეხბურთის სიყვარული სისხლში მაქვს გამჯდარი. ჩემი ქმარიც ყოფილი ფეხბურთელი – გიორგი ანჩაბაძეა.

— დაბოლოს, ვიტალი დარასელიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოჯახი ხომ არ გეგმავთ რაიმე ღონისძიებას?

– 20 წლის განმავლობაში წელიწადში ორ დღეს ყოველთვის ვშლით სუფრებს – მამის გარდაცვალების დღეს, 13 დეკემბერს და 13 მაისს, როცა “დინამომ” თასების თასი აიღო. წიგნის გამოშვება იყო თუ სხვა რამ, ოჯახი ვიყავით ჩართული. ახლა არ ვიცი, რა იქნება, ვნახოთ, სამინისტრო რას გააკეთებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი