ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება — ნიგერიელი ფორვარდი, რომელიც ამჟამად განათხოვრებულია „გალათასარაიში“, შესაძლოა თურქულ კლუბში სამუდამოდ დარჩეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Fanatik იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სტამბოლური გრანდი მზად არის ოსიმენის ტრანსფერის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 65 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეთანხმების პირობებით, ეს თანხა სამ ნაწილად გაიყოფა, ხოლო ფეხბურთელს ხელფასის სახით წლიურად 12 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ჯერჯერობით უცნობია, თავად ოსიმენი რამდენად თანახმაა კარიერის გაგრძელებაზე თურქეთის სუპერლიგაში, თუმცა მისი ბრწყინვალე სეზონი კლუბისთვის აშკარა სტიმულია. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ახლახან დაამყარა ისტორიული მიღწევა — იგი გახდა პირველი უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც თურქულ ჩემპიონატში ერთი სეზონის განმავლობაში 35 გოლის გატანა შეძლო.