საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელმა, რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან განმეორებით მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ვემზადებით, რომ ის ძალები აღვიდგინოთ, რომლებიც პირველ მატჩში დავხარჯეთ. გამომდინარე იქედან, რომ მეტოქეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ურთულეს შეხვედრას ველოდებით. მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. უდიდესი შრომა გავწიეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით.
ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ნაკრების შემადგენლობაშია, ჩემთვის და ჩემი ნაკრებისთვის, უმნიშვნელოვანესია. თითოეული მათგანის რომ მჯერა, სწორედ ამიტომ არიან განაცხადში. ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც ასეთ დონეზე არ უთამაშია და თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შევძლებთ, ეს მათთვის კარიერის ტრამპლინი იქნება.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - ხორვატიასთან სტუმრად მატჩი იმაზე გაცილებით სტრესული იქნება, ვიდრე თბილისში იყო, რადგან მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ეს მატჩი ფსიქოლოგიური კუთხით მძიმე იქნება, თუმცა ჩვენ ვალდებულება ისაა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ. მატჩისწინა განწყობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენთან ყოველთვის დიდებული განწყობაა.
- თქვა რამაზ სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირველი მატჩი 1:0 მოიგო, ხვალინდელი მატჩი კი 22:00 საათზე გაიმართება.