ბოსნიაში უკვე მესამე დღეა მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ. ბიჭებს შორის შეჯიბრებაზე ჩვენი ქვეყნის გუნდი მთავარი მწვრთნელის ლაშა ოჩიგავას ხელმძღვანელობით 13, ხოლო გოგონებში 10 სპორტსმენით გაემგზავრა, რომელთაც გოჩა რუსია წვრთნის..
კრივის საერთაშორისო ასოციაციას რუსი ხელმძღვანელი ჰყავს, საერთაშორისო ტურნირებზე რუსი მოკრივეები დაშვებულები არიან და ბრძოლებში ისინი არბიტრების სიმპათიებით სარგებლობენ.
მაგრამ, დღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, გორ კაზარიანმა (66 კგ) და ნიკა სადოიანმა (60 კგ) შეძლეს და რუს მეტოქეებს სძლიეს. კაზარიანმა ნონიკ პოღოსიანს, ხოლო სადოიანმა ნიკიტა მოროზოვს აჯობა და ორივე მათგანი მეოთხედფინალში გავიდა.
გარდა ამ ორი მოკრივისა, საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვდა ნიკოლოზ ხიზანიშვილი (46 კგ), მირიან ვოლოშინი (50 კგ) და თემურ პავლიაშვილი (57 კგ), რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.