"ნაპოლიში" სერია ა-ს ჩემპიონობის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ საკლუბო ფეხბურთი დატოვა და იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.
სპალეტის "სკუადრა აძურაში" დებიუტი მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე შედგება, ლუჩიანო კი ამ მატჩებს დიდი მოლოდინით ხვდება:
"დიდი მადლობა ფედერაციას, რომ ეს შესაძლებლობა მომცა. ახლა ჩემთვის აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა, რომელიც დიდი ხნის წინ გამიჩნდა. 11 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემს იტალიის დროშა ვაყიდინე გერმანიასთან 1/2 ფინალური მატჩის წინ, ხოლო როდესაც სადებიუტო მატჩში სათადარიგო სკამზე ვიქნები, ამ დროშას იქ მივიტან. ეს ოცნება არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ პატარა გულშემატკივარს ჰქონდა და აქვს.
შეიძლება, იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელი არ ვიყო, მაგრამ გპირდებით, რომ ლუჩიანო სპალეტის საუკეთესო ვერსია ნამდვილად ვიქნები. დიდი მადლობა ყველას", - განაცხადა სპალეტიმ.
იტალიელები 9 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 12 სექტემბერს უკრაინას.