"ჩვენს ჯგუფში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია" - რამაზ სვანაძე და გიორგი გულიაშვილი მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ჩვენს ჯგუფში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია" - რამაზ სვანაძე და გიორგი გულიაშვილი მატჩის წინ

"ჩვენს ჯგუფში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია" - რამაზ სვანაძე და გიორგი გულიაშვილი მატჩის წინ
26-06-2023, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

აი, რაზე ისაუბრეს მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა:

რამაზ სვანაძე

"რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში
თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.

ნიკა გაგნიძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და საოპერაციო არ არის, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, მის ფარგლებს გარეთაც. მან ძალიან სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო. ტრავმირებული მინდვრის მოთამაშის ჩანაცვლება, რეგულაციებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ასე რომ, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს.

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის."

გიორგი გულიაშვილი

"ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ 90 წუთის სათამაშოდ.

გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ."

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ხვალინდელი მატჩი 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი