ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება ვიქტორ ოსიმენისა და მისი სატრანსფერო სიახლეების შესახებ. უმეტესად, უცხოური მედია ნიგერიელ ფორვარდს მიუნხენის ბაიერნს უკავშირებდა, თუმცა Bild-მა დღეს სხვა ტიპის ინფორმაცია გაავრცელა.
გერმანული მედიის ჟურნალისტმა, კერძოდ ფლორიან პეტერბერგმა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენი ზედმეტად ძვირად შეაფასა, რის გამოც მიუნხენელებმა ვიქტორის შეძენაზე ხელი ჩაიქნიეს:
"რეკორდმაისტერი სრულ მზადყოფნას გამოთქვამდა, რომ ნიგერიელ თავდამსხმელში 100 მილიონი ევრო გადაეხადა. მიუხედავად ამისა, ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენი არა 100, არამედ 150 მილიონად შეაფასა, რამაც ბაიერნის უარი და საქმიდან გასვლა განაპირობა." - წერს ჟურნალისტი
ცნობისთვის, ბაიერნთან ერთად ვიქტორ ოსიმენით პარი სენ-ჟერმენი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და სხვა საფეხბურთო გრანდებიც ინტერესდებიან, აქედან კი ყველაზე რეალური ვარიანტი პარიზული კლუბი ჩანს, რომელიც დაშლის პირასაა და მათთვის გუნდის ხელახლა რეორგანიზება ნამდვილად საჭიროა.