სებასტიან ალე დორტმუნდის “ბორუსიამ” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ამსტერდამის “აიაქსიდან” შეიძინა. ახალ კლუბში გადასვლიდან მალევე მას სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა. 28 წლის შემტევმა 2 ოპერაცია და ქიმიოთერაპიები ჩაიტარა. მოედანს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და გერმანული კლუბის მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა. სებასტიანმა მედიასთან საკუთარ მდგომარეობასა და გეგმებზე ისაუბრა:
"ეს ჯერ კიდევ რთულია. სრულ მზადყოფნაში მაშინ ვიქნები, როდესაც სათამაშო წუთები მექნება. ჩემი ორგანიზმი შეიცვალა. არის რაღაცები, რაც ისე აღარ არის, როგორც აქამდე იყო. ასე რომ, ყოველდღე ახალ ტკივილთან შეგუება მიწევს. ბევრი რამ ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ხარისხიანად და ბევრი ვივარჯიშო, მაგრამ არასდროს გადავაჭარბო ლიმიტს, რადგან ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ბოლო ოპერაცია ნოემბრის ბოლოს გავიკეთე.”