"ინტერმა" კიდევ ერთხელ ხელიდან გაუშვა შანსი ისტორიაში მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად. მიუნხენში გამართული ფინალი იტალიური კლუბისთვის საშინელ ოცნებად იქცა – სიმონე ინძაგის გუნდი "პარი სენ-ჟერმენთან" ანგარიშით 0:5 განადგურდა და მეორე წელია, ფინალში დამარცხებას ეგუება.
შარშან "ინტერის" დამსჯელი "მანჩესტერ სიტი" იყო, წელს – მოტივირებული და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი პსჟ.
ფინალის შემდეგ ინტერის პრეზიდენტმა, ჯუზეპე მაროტამ, გულწრფელად ისაუბრა არა მხოლოდ მატჩზე, არამედ იტალიური ფეხბურთის სისტემურ პრობლემებზე, რომელთაც, როგორც მან აღნიშნა, ხელს უშლის თანამედროვე საფეხბურთო კონკურენციაში.
"რთული საღამო იყო. ჩვენ შევხვდით მეტოქეს, რომელიც აშკარად გვჯობდა. საბოლოო ანგარიშის გათვალისწინებით, წაგება დამსახურებული იყო, თუმცა ამან არ უნდა დაჩრდილოს ჩვენი სეზონი" – განაცხადა მაროტამ.
მისი თქმით, ინტერმა კარგი სეზონი ჩაატარა და ფინალში მოხვედრა უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუმცა მაროტამ გულდაწყვეტაც გამოხატა:
"ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გულწრფელად ვწუხვართ იმ მრავალ გულშემატკივარზე, ვინც ჩვენს გვერდით იყო. წაგების მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ ცხადია – იტალიას აღარ აქვს ის ფინანსური ძალა, რაც წარსულში ჰქონდა. დღეს ჩვენ ვერ ვეჯიბრებით ისეთ კლუბებს, როგორებიცაა პსჟ, რომლებსაც პრაქტიკულად შეუზღუდავი ბიუჯეტი აქვთ."
მაროტამ ხაზი გაუსვა იმ განსხვავებას, რაც არსებობს ისეთი გრანდების ფინანსურ შესაძლებლობებსა და იტალიური კლუბების მდგომარეობას შორის. მისი თქმით, ეს არის სისტემური უთანასწორობა, რომელსაც თანდაყოლილი ეკონომიკური მექანიზმები განაპირობებს – მედია, სპონსორები, ინფრასტრუქტურა, სატელევიზიო კონტრაქტები და პოლიტიკური მხარდაჭერა.
მიუხედავად ამისა, ინტერის პრეზიდენტი ოპტიმიზმს არ კარგავს:
"Made in Italy" ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს. ეს ბრენდია, რომელსაც შეუძლია მაღალი შედეგების მიღწევა იმ ხარისხის წყალობით, რასაც ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები ფლობენ. ჩვენ ეს უკვე ორჯერ ვაჩვენეთ – ფინალში გასვლით და ბრძოლით."