იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადაბარგებამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია ნეაპოლურ კლუბში. როგორც „კორიერე დელო სპორტის“ დირექტორი ივან ძაძარონი წერს, იმ დროისათვის უკვე ჩანიშნულმა გარიგებამ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, გააღიზიანა და მას კლუბის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მიმართ ნდობა დაუკარგა.
თუმცა, სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, კონტემ საჭირო გარანტიები მიიღო, გუნდში დარჩენაზე დათანხმდა და უკვე აქტიურად ჩაერთო შემადგენლობის გაძლიერებაში.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ნაპოლი კვლავ დაინტერესებულია ხვიჩას შესაძლო შემცვლელის, ნოა ლანგის ტრანსფერით. პსვ-ს ნიდერლანდელი შემტევი გასულ სეზონში 29 მატჩში 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი კონტრაქტი 2028 წლამდე გრძელდება, ხოლო სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასთან ერთად, ნეაპოლელები აქტიურად მუშაობენ რამდენიმე ფეხბურთელთან შეთანხმებაზე. იტყობინებიან, რომ გუნდში უკვე შეთანხმდნენ კევინ დე ბრუინისა და ლუკა მარიანუჩის მოსვლაზე, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ედონ ჟეგროვასთან და ჯონათან დევიდთან.
გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია „სპორტინგის“ ფორვარდის, ვიქტორ დიოკერეშის დამატება, თუმცა მისი 75-მილიონიანი ფასი სერიოზული დაბრკოლებაა.