სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ ევროლიგის ტიტული მეორე ვადით მოიპოვა. თურქულმა გრანდმა ფინალურ შეხვედრაში მონაკოს წინააღმდეგ დაძაბული მატჩი გამართა და ანგარიშით 81:70 გაიმარჯვა.
მატჩის მიმდინარეობისას სხვაობა მინიმალური იყო და ბოლოსწინა მეოთხედის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა აშორებდა ერთმანეთს, თუმცა გადამწყვეტ მონაკვეთში „ფენერმა“ თამაშის კონტროლი სრულად საკუთარ ხელში აიღო და 27:19 მოუგო მეოთხე პერიოდი.
ჩემპიონობისკენ გუნდი ნაიჯელ ჰაინესმა წაიყვანა – მან 23 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. მარკო გუდურიჩმაც არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში – 19 ქულითა და 6 მოხსნით. მონაკოს შემადგენლობაში საუკეთესო ალფა დიალო იყო, რომელმაც მატჩი 19 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მონაკოს სამწვრთნელო შტაბში ქართველი სპეციალისტი მანუჩარ მარკოიშვილიც მუშაობს, რომლის გუნდიც ფინალში დამარცხდა და ევროლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„ფენერბაჰჩეს“ ეს ევროლიგის მეორე ტიტულია – პირველ გამარჯვებას კლუბი 2017 წელს მიაღწია.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ ათენის „პანათინაიკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 97:93 დაამარცხა.