ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ტიტულოსანი ჰენრი სეხუდომ ბოლო პოდკასტში ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შონ ო’მალისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ გაუჭირდება, თუმცა ძირითადი გამოცდა მისთვის კორი სენდჰეგენი იქნება.
სეხუდოს შეფასებით, მერაბი შონ ო’მალისთან ბრძოლაში აშკარა უპირატესობით სარგებლობს:
„ვფიქრობ, დვალიშვილი ამ დაპირისპირებას მარტივად მოიგებს. მისი ჭიდაობის სტილი და შეუპოვრობა შონისთვის ძალიან რთული დასაძლევი იქნება,“ — განაცხადა სეხუდომ.
თუმცა, ჰენრი სეხუდო ყურადღებას სხვა მებრძოლზე ამახვილებს და თვლის, რომ სწორედ კორი სენდჰეგენთან დაპირისპირება იქნება მერაბისთვის ყველაზე რთული გამოწვევა:
„ყველამ დავინახეთ, რამდენად შთამბეჭდავი იყო კორი ფიგერედოს წინააღმდეგ. მისი ტექნიკა და მობილურობა სერიოზული სირთულე იქნება დვალიშვილისთვის. ვფიქრობ, სწორედ სენდჰეგენია ის, ვისთანაც მერაბს ყველაზე დიდი სირთულე ელოდება ამ წონით კატეგორიაში,“ — აღნიშნა სეხუდომ.
დვალიშვილის და შონ ომალის მნიშვნელოვანი ბრძოლა დაგეგმილია 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) UFC 316-ის ფარგლებში.