ფეხბურთის სამყაროში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალურობა – ამჯერად მის შესახებ „დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ანდრეს კარასკო საუბრობს. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში კარასკომ ქართველ ფეხბურთელზე გააკეთა მაღალი შეფასება და ხაზი გაუსვა მის გავლენას გუნდურ თამაშზე.
კარასკოს თქმით, კვარაცხელია ის მოთამაშეა, რომელიც ისეთი გუნდისთვის, როგორიც პარიზის „სენ-ჟერმენია“, შესაძლოა გადამწყვეტი ფიგურა იყოს:
„ხვიჩა არის იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ს სრულყოფილ გუნდად ყოფნისთვის აკლდა. მისი თამაშის ყურებისას, განსაკუთრებით მაღალი დონის შეხვედრებში, ნათლად ჩანს როგორ განვითარდა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით. ის არა მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა, არამედ თამაშისას ცდილობს თანაგუნდელებიც უკეთესი გახადოს – მზად არის, გუნდისთვის საკუთარი თავიც კი გასწიროს,“ – განაცხადა კარასკომ.