ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ შემტევმა, რაფინიამ, გასაოცარი ისტორია გაამხილა — ის იტალიის ეროვნულ გუნდში თამაშთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბედნიეროდ (როგორც თავად აღნიშნავს), იტალიური პასპორტი დროულად არ მიიღო და საბოლოოდ მაინც თავისი სამშობლოს, ბრაზილიის მაისური მოირგო.
„ძალიან ახლოს ვიყავი იტალიის ნაკრებში გამოძახებასთან. მათ ევრო 2020-ზე წასვლა შემომთავაზეს და ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო“, — განუცხადა რაფინიამ ჟურნალისტ იზაბელა პალიარის.
„იმ დროს იტალიის ნაკრების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღე მიკავშირდებოდნენ. ჟორჟინიო ხშირად მირეკავდა, მათი სამწვრთნელო შტაბი ჩემთვის საოცარ გეგმებზე საუბრობდა, რაც ნამდვილად დამაინტერესებელი იყო“.
თუმცა, როგორც ფეხბურთელი იხსენებს, საბოლოოდ მის გულში პატარა იმედი მაინც დარჩა:
„მიუხედავად ყველაფრისა, გულში მაინც მქონდა ის 1%-იანი იმედი, რომ ოდესმე ბრაზილიის ნაკრების მაისურს ჩავიცმევდი. საბედნიეროდ, იტალიური პასპორტის მიღება ვერ მოესწრო და ჩემი ოცნება ასრულდა“.