თბილისში 16 მაისს დაგეგმილი საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, სადაც ერთმანეთს საქართველოს ვეტერანთა გუნდი და კატალონიის გრანდის – „ბარსელონას“ ლეგენდები შეერკინებიან. თუმცა სტუმრებმა მატჩის გამართვის წინ გარკვეული პირობით მიმართეს მასპინძლებს: ქართველთა გუნდში 40 წელზე ნაკლები ასაკის ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ.
„გვთხოვეს, რომ 40 წელზე ახალგაზრდა ფეხბურთელები არ ჩაერთონ მატჩში. თუმცა ჩვენგან თხოვნით მივმართეთ, რომ ორი შედარებით ახალგაზრდა მოთამაშე მაინც გვყოლოდა — სხვაობის გასათანაბრებლად. ქართველ ვეტერანებს დიდი ხანია აღარ უთამაშიათ, ესპანელების ნაწილს კი ახლახან აქვს კარიერა დასრულებული“, — აღნიშნა არველაძემ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.
მისივე თქმით, მატჩის მიმართ მოლოდინები მაღალია: „ბილეთების გაყიდვაში დიდი დაინტერესება შეინიშნება — უკვე დაახლოებით 17 ათასი ბილეთია გაყიდული. გულშემატკივარს განსაკუთრებული ღონისძიება ელოდება. ორგანიზატორები ამჯერადაც ისეთივე ძლიერ შემადგენლობას ამზადებენ, როგორც შარშან, როცა ბათუმში „ინტერის“ ლეგენდები ეწვივნენ საქართველოს.“
გარდა ამისა, არველაძემ დაამატა, რომ „ბარსელონას“ რიგებში იქნებიან ისეთებიც, ვინც 2015 წლის ევროპის სუპერთასზე თბილისში უკვე იასპარეზეს. როგორც თავად განმარტა, ისინი მოწვევას დიდი სიხარულით შეხვდნენ და თბილისში ჩამოსვლაც დაადასტურეს.