სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა, საქართველოს ნაკრებთან გასამართ საპასუხო შეხვედრამდე, "დინამო არენაზე" ჩატარებულ პრესკონფერენციაში გუნდში მომხდარ უცნაურ შემთხვევაზე ისაუბრა.
"მსურს განვმარტო სომხეთის ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშის შესახებ არსებული ვითარება. გრანტ-ლეონ რანოსმა გადაწყვიტა გუნდის დატოვება. მან მომმართა და ულტიმატუმი წამომიყენა – ან იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში, ან დატოვებდა ნაკრებს.
ჩემს მწვრთნელობის გამოცდილებაში ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში, მწვრთნელის უფლებაა და არა ფეხბურთელის მიერ განსაზღვრული.
სინამდვილეში, მან მეორე ბუნდესლიგაში სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა"
- აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ გუნდებს შორის მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე დაიწყება.