საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 45-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა, ორშაბათს საღამოს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და სამშაბათიდან 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას შეუდგა.
გასული ერთი კვირა ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მარტყოფის ბაზაზე გაატარეს, სადაც შაბათს ორმხრივი თამაში გაიმართა. ამ კვირაში 18-წლამდელები ამხანაგურ თამაშს 20-წლამდელების წინააღმდეგ გამართავენ, უშუალოდ ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე კი, თბილისში, „ავჭალაზე“ ფრანგ თანატოლებს შეერკინებიან. შეხვედრა 29 მარტს 16 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს უმცროსი ბორჯღალოსნების გაცილების შესაძლებლობა ექნებათ.
ზურაბ ამონაშვილის რჩეულთა შორის 6 ლეგიონერია. 4 მათგანი ფრანგულ, ორი კი ინგლისურ კლუბს წარმოადგენს. 45 მოთამაშიდან 18 2008 წელსაა დაბადებული და მათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში გაისადაც უწევთ. საფრანგეთთან თამაშამდე გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი დაემატება - ‘ტულონის’ მეორეხაზელი, 18-წლამდელთა კაპიტანი დავით ბარამია და ‘მონპელიეს’ მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია. ისინი თბილისში 25 მარტს ჩამოვლენ.
RUGBY.GE