საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევრო 2025-ის ელიტარული ეტაპი მარცხით გახსნა. თბილისში გამართულ მატჩში ჩვენმა გუნდმა პოლონეთის ნაკრებს 0:3 წააგო.
პოლონელებმა თამაშში უპირატესობა მე-17 წუთზე მოიპოვეს, როდესაც მიხალ გურგულმა გაიტანა გოლი მასპინძელთა კარში. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა სცადეს თამაშის გარდატეხა, მაგრამ მათი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანა. 50-ე წუთზე მაკსიმილიან შნაუცნერმა მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 54-ე წუთზე დანიელ მიკოლაიევსკიმ სტუმრების ლიდერობა გაამყარა.
მატჩის დასასრულს, 84-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, მათე საურმა, ჟან ფაბერსკის მიერ დარტყმული პენალტი წარმატებით აღკვეთა.
ელიტრაუნდის მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22 მარტს სლოვაკეთის წინააღმდეგ „მიხეილ მესხი 2“-ის სტადიონზე გამართავს, ხოლო პოლონეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი გააგრძელებს შემდეგ ეტაპზე.