სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 25:17 მოუგო და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა, თბილისელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. მათ განსაკუთრებით კარში დარტყმები არ წაუვიდათ, რაც ‘ტაოს’ გააზრებულ და თავდადებულ თამაშთან ერთად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე გახსნეს. მათ მარცხენა ფრთაზე გაშალეს შეტევა, ხელდახელ ბურთი უშეცდომოდ გაითამაშეს და გიორგი ნავროზაშვილმა ლელო, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახვა გაიტანა. ‘ხვამლს’ მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ზურა ქობელაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. საპასუხოდ ჯარიმა ‘ტაომაც’ გააფუჭა, 29-ე წუთზე კი, მსაჯმა ორივე გუნდის კვაჭი - გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი) და გივი მაწკეპლაძე (ტაო) გაასინბინა, რადგან ისინი შერკინებაში მსაჯის მითითებებს არ უსმენდნენ.
გამოთავისუფლებული სივრცით თბილისელებმა ისარგებლეს, 31-ე წუთზე თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს, ფრთაზე ლაშა კაკაურიძე გაიქცა, მერე ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და ფრიდონ წიკლაურის შექცეული პასის შემდეგ გიორგი კვაბზირიძემ საპასუხო ლელო გაიტანა. ქობელაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო და 38-ე წუთზე ოთარ ტალახაძემ ჯარიმით სტუმართა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. გაწითლებულ დროზე ნიკა ცინცაძეს შეეძლო ჯარიმით 3 ქულის გაქვითვა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფრთაზე ოთარ მეტრეველმა ითამაშა შესანიშნავად, ბურთი ფეხით გადაიკიდა და ლამაზი ლელო გაიტანა. ‘ხვამლი’ გააქტიურდა, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა და მეტოქის თავდაუზოგავი დაცვის მიუხედავად ორი ლელო გაიტაა. 61-ე წუთზე 5-მეტრიან შერკინებას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და კვაბზირიძის მეორე ლელო მოყვა. 5 წუთში ქობელაშვილმა ცრუმოძრაობაზე მთელი ‘ტაოს’ დაცვა დაიჭირა, ხაზი გაჭრა და ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ბესიკ თაყნიაშვილმა კი გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.
ამან ‘ტაო’ არ გატეხა. 70-ე წუთზე სამცხე-ჯავახეთელებს ფეხით თამაშის შემდეგ ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა იერიში საბა კურტანიძემ სინბინის ხარჯზე შეაჩერა და საბა ნიკოლაშვილმა ჯარიმით სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა. 78-ე წუთზე ‘ტაომ’ უკვე მოლით შეუტია, მან დაახლოებით 10 მეტრი იარა და იროდიონ ქუცნიაშვილმა საკუთარი გუნდის მესამე ლელო მიითვალა, ნიკოლაშვილმა კი გარდასახვით სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა.
‘ხვამლს’ ნუგეშ-ქულის ასაღებად ბოლო შეტევა დარჩა და მიზანთან ახლოს ორჯერ იყო, მაგრამ ჯერ საბა არაგველმა ვერ დაიმორჩილა ფრთაზე ფეხით გადაკიდებული ბურთი და 100%-იანი ლელო ვერ გაიტანა, მერე კი თაყნიაშვილს თითქმის კარის წინ 15 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გაუცუდდა და ‘ტაომ’ სტუმრად 25:17 გაიმარჯვა. მატჩის საილეთესო მოთამაშე ოთარ მეტრეველი გახდა.
სეზონში მეხუთე გამარჯვებით ‘ტაომ’ 24 საცხრილო ქულა მოაგროვა და ბოლო ადგილზე მყოფ ‘ყოჩებთან’, რომელმაც თავისი თამაში გუშინ მოიგო, სხვაობა კვლავ 9 ქულამდე გაზარდა. მეორეს მხრივ, ახლა სამცხე-ჯავახეთელები ‘ყაზბეგს’ და ‘ლელოს’ შესაბამისად 3 და 4 ქულით ჩამორჩებიან და დარჩენილ სამ ტურში ფლეი-აუტის ზონიდან თავის დაღწევის კარგი შანსიც აქვთ. ‘ხვამლს’ 33 ქულა დარჩა და ‘არმიასთან’ ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს, მაგრამ მდევარი ‘ლელო’ მათ ახლა მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.