დაძაბულ შეხვედრაში - ბათუმი 30:23 ტაო შავიზღვისპირელებმა იმარჯვეს » სპორტის ხაზი

დაძაბულ შეხვედრაში - ბათუმი 30:23 ტაო შავიზღვისპირელებმა იმარჯვეს

დაძაბულ შეხვედრაში - ბათუმი 30:23 ტაო შავიზღვისპირელებმა იმარჯვეს
1-11-2024, 17:54
Aa Aa
გაზიარება:

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, crocobet დიდი 10-ის მე-7 ტური ზღვისპირეთში ‘ბათუმისა’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ დაძაბული შეხვედრით გაიხსნა. მასპინძლებმა მეტოქეს ერთით მეტი, 4 ლელო გაუტანეს და 30:23 იმარჯვეს.

ბათუმელებისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იყო. მათ 16 საცხრილო ქულას მოუყარეს თავი და ‘არმიასთან’ მე-4-მე-5 ადგილებს იყოფენ. დებიუტანტმა ‘ტაომ’ მცირე სხვაობით მარცხისთვის 1 ნუგეშ ქულა მიიღო, ჯამში 13 გაუხდა და მე-6 ადგილზე ჩამოქვეითებულ ‘ყაზბეგს’ გაუტოლდა.

მასპინძლები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრები მწვავე და შედეგიანი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. ანგარიში ბათუმელთა ფულბეკმა ვაჟა მიქაძემ ჯარიმით დებიუტშივე გახსნა. ‘ტაომ’ შეძლო მეტოქის მორიგი სახიფათო მიძალების მოგერიება, მე-15 წუთზე კი კარგი დინამიური შეტევა განახორციელა და ვილიკესა ვიტაუს ლელოთი უპასუხა. ოთარ ტალახაძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე მიზანი გაისწორა და ჯარიმით სტუმართა უპირატესობა გაზარდა.

‘ბათუმმა’ წონასწორობა 25-ე წუთზე, მოლის შემდეგ აღადგინა. ლელო ბაჩუკი ჭუმბაძემ მიითვალა, მიქაძემ კი გარდასახვით მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა. ‘ტაომ’ ორი სწრაფი, სახიფათო შეტევით უპასუხა და 32-ე წუთზე ლაშა ფოფხაძე სინბინით დაისაჯა. სტუმრებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და არც შემცდარან: მორკინალების მიძალების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ოთარ მეტრეველის ლელო ტალახაძემ გარდასახა.

‘ტაო’ ტაიმის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა შესვენების წინ შეცდომები დაუშვა. ‘ბათუმმა’ კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო, სერგი ჩხაიძე ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა, მას ბოლო მომენტში ბურთზე თამაში ტალახაძემ დაასწრო, თუმცა ბექა ზუმბაძის ოფლოუდის შემდეგ ოვალი ისევ დაიკარგა და კავეკინი ტამბუმ ლელოთი ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, მიქაძემ კი გარდასახა - 17:15.

მეორე ტაიმის დასაწყისში რეზი ბროძელმა ჯარიმით სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რაზეც ‘ბათუმმა’ ძალისმიერი შეტევით უპასუხა და მეტოქის თავგანწირული დაცვის მიუხედავად, 49-ე წუთზე გიგა კობახიძემ ლელო გაიტანა. მიქაძემ მონაგარს 3 ქულა ჯარიმით შემატა და ‘ბათუმი’ 7 ქულით დააწინაურა. ‘ტაოს’ წონასწორობის აღდგენა ტაიმის შუაში შეეძლო. მათი სწრაფი შეტევა ვეტერანი ბორჯღალოსანის, გიორგი შკინინის ლელოთი დასრულდა, მაგრამ ბროძელის გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ‘ბათუმმა’ კიდევ ერთი კარგი მოლი დააყენა და იონა ფირცხალავამ ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა და ‘ტაოს’ დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენის შანსი გაუჩნდა, მაგრამ ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა და 30:23 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი წიკლაური გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი