2027 წლის მსოფლიო თასის საგზური ევროპიდან საქართველომ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა მოიპოვეს. ისინი 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-დან 24-მდე გაიზარდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში ბორჯღალოსნებმა პირველ ტურში შვეიცარიას 110:0, ხოლო ნიდერლანდებს 40:7 სძლიეს და ორივე თამაშში აიღეს ბონუს ქულა. თავის მხრივ ესპანეთმა ნიდერლანდებს 53:24, შვეიცარიას კი 43:13 მოუგეს და საქართველოს მსგავსად ქულათა მაქსიმუმი - 10-10 მოაგროვეს.
ბ ჯგუფში პორტუგალიამ ბელგია 40:30 და გერმანია 56:14 დაამარცხა, რუმინეთმა კი გერმანიას 48:10 და ბელგიას 31:14 აჯობა, რის შემდეგაც ისინი მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. პორტუგალიას 10 ქულა მოუგროვდა, ხოლო რუმინეთს 9 ქულა აქვს.
მე-11 ადგილზე რეიტინგში:
გასულ კვირაში ქართული რაგბისთვის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მსოფლიო რაგბის ყოველკვირეულ, განახლებულ რეიტინგში, ბორჯღალოსნები ერთი ადგილით დაწინაურდნენ და თავის ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას უწიეს. მართალია შვეიცარიასა და ნიდერლანდებთან გამარჯვებებმა რეიტინგში ვერაფერი შეგვძინა, მაგრამ უელსის ნაკრებმა 2024 წლიდან დღემდე ზედიზედ 13 საერთაშორისო თამაში დათმო, 0.26 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მსოფლიო რაგბის რეიტინგის დაარსებიდან (2003 წლიდან) ყველაზე დაბალ, მე-12 საფეხურზე დაეშვა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსს გადაასწრო! აქამდე ექვსი ერის ქვეყნებიდან იტალია ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც რეიტინგში ვუსწრებდით, ახლა კი მისი ადგილი „დრაკონებმა“ დაიკავეს და კრიზისის ფონზე, მომავალი უელსურ რაგბს კარგს არაფერს უქადის.
მოცემული მომენტისთვის საქართველოს 73,85 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. მის წინ იტალიაა 78,67 ქულით, უკან კი უელსი (73,75). მას მოყვებიან იაპონია (72,95), სამოა (72,68) და აშშ (70,02).
RUGBY.GE