ავჭალაზე ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ - შემდეგი უკვე სიდნეია » სპორტის ხაზი

ავჭალაზე ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ - შემდეგი უკვე სიდნეია

ავჭალაზე ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ - შემდეგი უკვე სიდნეია
9-02-2025, 00:19
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების 40:7 დამარცხებით, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს (10), რითაც ნახევარფინალში გასვლის გარდა, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურიც პრაქტიკულად მოიპოვეს.

იმისათვის, რომ ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მივიღოთ, ხვალ შვეიცარიამ ესპანეთს ბონუსით უნდა მოუგოს (სამით მეტი ლელო გაუტანოს). ასეთ შემთხვევაში ჯგუფის ორი მოწინავის ვინაობა დასკვნით ტურში გაირკვევა, მაგრამ ამის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.

ყოველ შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. მათ ნიდერლანდებს „ავჭალაზე“ 6 ლელო გაუტანეს, თუმცა მეტი კონცენტრაციით რომ ეთამაშათ და შექმნილი მომენტების ნახევარი გამოეყენებინათ, უპირატესობა ბევრად დიდი იქნებოდა.

უამინდობამ თამაშის ხარისხს თავისი ხელი დაატყო, მოედანი დაამძიმა და ამან თამაში შეანელა. სტუმრებმაც ტიტულოვანი მასპინძლების წინააღმდეგ მაქსიმალურად მოინდომეს, მაგრამ რომ არა ჩვენივე შეცდომები, არაერთი ლამაზი შეტევა ლელოთი დასრულდებოდა და ორგანიზატორებს ტურის საუკეთესო ლელოს შერჩევა გაუჭირდებოდათ.

იყო უიღბლობაც. სამწუხაროდ დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია მგეზავ ლუკა მატკავას. რადგან მარქაფაში მისი შემცვლელი არ გვყავდა, ეს ფუნქციები დავით ნინიაშვილმა ითავა და ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. მოგვიანებით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. მეორე უიღბლობა ბექა გორგაძეს შეემთხვა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში თავში კონტაქტისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და ჩვენმა გუნდმა დასკვნითი 30 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა.

გვქონდა ერთი დებიუტიც. ბაჩუკი ჭუმბაძე განაცხადში ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად ბოლო მომენტში მოხვდა, შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა და გახდა 312-ე ბორჯღალოსანი.

ეს იყო ამ გუნდების მე-9 შეხვედრა 31 წლის განმავლობაში და სულ პირველი თამაშის შემდეგ, საქართველომ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

ბევრი მომენტით და ბევრი შეცდომით

„ავჭალაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ქართველი მორაგბეების შესრულებით არაერთი ლამაზი გარღვევა და შეტევა იხილა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი 5 ქულით წინვარდნის, წინთამაშის, ან ტექნიკური წუნის გამო არ დასრულდა. ორი ლელო მეორე ტაიმში ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, საიდანაც ერთი გიორგი კვესელაძეს, ხოლო მეორე აკაკი ტაბუცაძეს ეკუთვნოდა. ტაბუცაძის აკრობატულ ნახტომში გატანილი ლელო ნინიაშვილს უკვე გარდასახული ქონდა, როდესაც ვიდეო-რეფერიმ მანამდე გვერდით ხაზთან შეხება დააფიქსირა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და ისინი სწრაფადვე დაეუფლნენ ინიციატივას, მაგრამ სტუმრებისგან თავგანწირულ დაცვას წააწყდნენ. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები მოკლე და სწრაფი პასებით ცდილობდნენ უპირატესობას შექმნას, თუმცა მეტოქე გადაწყობას ასწრებდა. მე-8 წუთზე, ფორვარდებისა და ხაზის მოთამაშეების მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, თორნიკე კახოიძემ კარის წინ ღრიჭო მაინც შენიშნა და ანგარიში გახსნა, მატკავამ კი გარდასახა.

თამაში რომ განახლდა ბორჯღალოსნებმა ხელდახელ შეტევა თავისი 22-იდან წამოიწყეს და ნინიაშვილი ულამაზესი ლელოს სულისჩამდგმელი გახდა. მან რაქიდან ყველასთვის მოულოდნელად შეუტია და დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, რის შემდეგაც თავს უკან ვასილ ლობჟანიძეს საუცხოო ოფლოუდი ამოუგო და მანაც მეორე ლელო გაიტანა. მატკავა ამჯერადაც ზუსტი იყო, მაგრამ მერე შეცდომები მოგვიმრავლდა, 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობითაც ვერ ვისარგებლეთ და მესამე ლელო მხოლოდ ტაიმის მიწურულსღა გავიტანეთ.

37-ე წუთზე ლობჟანიძემ შერკინებიდან დაწყებული შეტევის მიმართულება შეცვალა, შეცვლაზე შესულმა დაჩი პაპუნაშვილმა აკაკი ტაბუცაძეს გრძელი გადაცემა გაუკეთა და მანაც მარჯვენა ალამთან თავისი 44-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. ნინიაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 19:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ჩვენი შეტევებით და შეცდომებით დაიწყო. ამჯერადაც ვერ ვისარგებლეთ 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობით და უფრო მეტიც, 50-ე წუთზე, უწყინარ სიტუაციაში, ბექა გორგაძე წითელი ბარათით დავკარგეთ. მიუხედავად ამისა უპირატესობა 56-ე წუთზე გავზარდეთ. მანამდე სტუმრებმა კარგი ხელდახელ შეტევა მესამე სინბინის ხარჯზე შეგვიჩერეს, თუმცა 5-მეტრიანი დერეფნიდან განხორციელებული კარგი შეტევა გიორგი მამაიაშვილის პირველი სანაკრებო ლელოთი მაინც დასრულდა და ნინიაშვილმაც გარდასახა.

64-ე წუთზე ხელდახელ კიდევ ერთი უშეცდომო შეტევა განვახორციელეთ, ფრთაზე ბექა საღინაძე დარჩა და იერიში ლოგიკური 5 ქულით დაასრულა. 5 წუთში კარის წინ 5 მეტრში ჯარიმა გავითამაშეთ და ძელებსშუა ლელო გიორგი ჯავახიამ შეიტანა. ნინიაშვილმა ორივე გარდასახა. დარჩენილ დროში კვესელაძემ და ტაბუცაძემ ის ლელოები გაიტანეს, რომლებიც ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, გაწითლებულ დროზე კი პრესტიჟის ლელოთი ნიდერლანდებმაც გაიხარა და საქართველომ 40:7 გაიმარჯვა.

რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის დასკვნით თამაშს 16 თებერვალს მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გავმართავთ, რის შემდეგაც ნახევარფინალური წყვილები გაირკვევა. თამაში ჩვენი დროით 15:45 საათზე დაიწყება.

- ვკითხულობთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი