ძველი მელა და დიდი სატანა | ირანი ყატარში მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ჩასულა » სპორტის ხაზი

ძველი მელა და დიდი სატანა | ირანი ყატარში მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ჩასულა

ძველი მელა და დიდი სატანა | ირანი ყატარში მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ჩასულა
21-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 17:00 საათზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ირანისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ცხადია, სპორტს ყოველთვის ახლდა პოლიტიკურ ფონზე გაშლილი საკითხები, რაც ამავე თამაშისთვისაც კარგად ნაცნობი იქნება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ირანული ფეხბურთი ქვეყანაში არსებული მკაცრი რეჟიმის მთავარი საპირისპირო პლატფორმა გახდა, საიდანაც ხელისუფლების კრიტიკას არაერთმა ადამიანმა მიმართა. მაგალითად, სარდარ აზმუნი, რომელიც ირანის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ირანში დაღუპული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს სენეგალთან საკუთარი გოლის აღნიშვნის ჟესტიკულაციით გამოეხმაურა, რის გამოც ეს ფეხბურთელი ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს, მოგვიანებით კი კვლავ დააბრუნეს.

მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, ირანში ფართომასშტაბიანი პროტესტი და გამოსვლები დაიწყო, ხალხს კი ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა - დასრულდეს 40 წლიანი მმართველობა, რომელიც ირანს დანარჩენი ცივილიზაციისგან ტოტალურად აშორებს.

სწორედ ამ არეულობის, ქაოსისა და განუკითხაობის ფონზე, ირანის ნაკრები ყატარში ფეხბურთის სათამაშოდ გაფრინდა, სადაც ირანის შედეგებზე მეტად, ირანელებს ფეხბურთელების საქციელი და გადაწყვეტილებები აინტერესებთ. კარლოს კეირუშის გუნდის ქვეყანაში, ირანის ჯგუფური ეტაპის ორ მეტოქეს, ინგლისსა და აშშ-ს ძველ მელასა და დიდ სატანას უწოდებენ, რადგან ისინი ირანის ისტორიული და გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან.

გარდა პოლიტიკური საკითხებისა, გულშემატკივრები, წამყვანი სახეები, საფეხბურთო ექსპერტები თუ ყოფილი მოთამაშეები ირანის მუნდიალიდან მოკვეთასაც ითხოვდნენ, რაზეც FIFA-ს პრეზიდენტმა მოგვიანებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გულშემატკივრები უმეტესად ფეხბურთზე უნდა ფოკუსირდნენ და ისედაც არსებული მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო არ დაამძიმონ.

1979 წელს ირანში დამყარებულ სასულიერო მმართველობასსა და ტოტალიტარულ რეჟიმს მაჰსა ამინის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც ქვეყანა ერთობლივად დაიშალა და გაერთიანდა, სულიერად მოკვდა და ხელახლა დაიბადა. რაც შეეხება ირანის ნაკრებს, ის სწორედ გულმოკლული ხალხის ხმას გააჟღერებს, რაზეც ისაუბრა კიდეც ირანის ეროვნული გუნდის კაპიტანმა: "ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ირანელი ხალხის ხმა გაგაგონოთ."

შეხვედრა, ერთი შეხედვით მხოლოდ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად გაიმართება, თუმცა ინგლისისა და ირანის შეხვედრის ფონზე ძალიან ბევრი ჩახლართული და ბურუსით მოცული საკითხი გაიშლება, რომლის განვითარების გეზიც ჯერჯერობით არავისთვისაა ცნობილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი