დუდა სანაძის 18 ქულა ფიბა ევროპის თასზე გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და კვიპროსის ანორთოსისი ესპანეთში სარაგოსასთან 77:92 დამარცხდა.
ზოგადი ვითარება არ იძლეოდა იმის შანსს, რომ კვიპროსულ კლუბს ესპანეთში ადგილობრივი გუნდი დაემარცხებინა და სანაძის შედეგიანმა გარჯამ ეს რეალობა ვერ შეცვალა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:34 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 9-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად სანაძემ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.
სანაძესთან ერთად ანორთოსისში ამერიკელები – კენტვან სმიტი და მარკიზ თოუნსი გამოირჩნენ, რომლებმაც შესაბამისად 16 და 15 ქულა ჩააგდეს, თუმცა მთლიანობაში ფამაგუსტელებმა შეხვედრა 15 ქულით დათმეს. 3-დან 3 წაგებით ანორთოსისი 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად, სლოვაკურ ლევიცესთან გამართავენ.