ქართული საკლუბო კალათბურთისთვის გამორჩეული შედეგი დღეს დაფიქსირდა. ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში გამართულ ფიბა ევროპის თასის შეხვედრაში”ქუთაისი 2010″-მა 86:78 დაამარცხა ადგილობრივი “ბალკანი”. ასეთი რამ, რომ ქართულ კლუბს გასვლით შეხვედრაში ემარჯვოს, ბოლოს 2012 წელს დაფიქსირდა და ამ 2 გამარჯვებას კოტე ტუღუში აერთიანებს. 2012 წელს “არმიამ” გერმანიაში “გოტინგენს” რომ სძლია, თავდაცვის სამინისტროს გუნდს კოტე ტუღუში წვრთნიდა და ახლაც, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ტუღუში გახლავთ. “ქუთაისი 2010”-მა დიდებული დასკვნითი პერიოდი ჩაატარა, რომელიც 29:17 მოიგო და კერკეტი ბულგარელები მათსავე მოედანზე დაამარცხა.
ქუთაისელები გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. სადებიუტო, მცირე ლიდერობას თუ არ ჩავთვლით, ქუთაისი ბოლო პერიოდამდე ჩამორჩებოდა. ბულგარული კლუბი კარგად იყენებდა სტუმართა დაცვაში შექმნილ სივრცეებს და საჯარიმოს ტერიტორიიდან ქულებს იხვეჭდა. პირველი პერიოდის შემდეგ ბულგარელები 19:11 იგებდნენ და 8-ქულიანი იყო სხვაობა დიდ შესვენებაზეც. მეორე ნახევარში იმერულმა კლუბმა ვითარება გამოასწორა, რაც დაცვაში კარგი თამაშის დამსახურება იყო. მესამე პერიოდის მოგებით ქუთაისელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს და მთავარი დარტყმა მეტოქეს ბოლო ათწუთეულში მიაყენეს.
მე-4 პერიოდში ქუთაისელებმა ცუდად ესროლეს საჯარიმოები (6 სროლა ააცილეს), თუმცა იმდენად კარგად გაისარჯნენ დაცვაში, რომ მოგების მოპოვება მოახერხეს. დასკვნით წუთებზე ქუთაისელებმა არაერთი ბურთი ჩაჭრეს, რის შემდეგაც სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალებაც მიეცათ. ტუღუშის გუნდმა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა და მეტოქეს შეტევებს ტაქტიკური ჯარიმებით აჩერებდა. ამის საშუალება ქუთაისელებს ბოლოსწინა წუთამდე ჯარიმის გარეშე თამაშმა მისცა.
თამაში ისე დასრულდა, ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა ბულგარელებმა წარმატების შანსიც კი ვერ მიიღეს. ქუთაისელთა გამორჩეული ლიდერი გიორგი კორსანტია გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართული კლუბის კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე ელია ჯოინერი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 16ქ ულა დააგროვა მარქილ სმიტმაც, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 10 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი დაგროვდა.
მომდევნო მატჩს ფიბა-ევროპის თასზე ქუთაისელები თბილისი არენაზე, 30 ოქტომბერს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვაკური “პრევიდზა” იქნება, რომელთანაც ქუთაისელებმა 2 კვირის წინ სლოვაკეთში ბრძოლაში წააგეს.