საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება.
ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
"შეკრების დაწყებამდე მაქსიმალურად ვემზადებოდით, რომ ამ თამაშებს მზადყოფნაში შევხვედროდით. მოტივირებულები ვართ, რადგან ისტორიაში პირველად ვართ ამ ეტაპზე. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და არ დავკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგით ჯგუფიდან გასვლის სახით.
ირლანდიასთან თამაშის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ. განსხვავებული შემართებით და მომზადებით. უფრო მეტად ვართ განვითარებულები და ვფიქრობ, შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ ამოცანას."
- ამბობს ნაკრების წევრი მარიამ კალანდაძე.
საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.