14 ოქტომბრის შეხვედრაში საქართველოს ალბანეთთან გიორგი ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაცია დიდად შეეტყო. ვილი სანიოლმა ქოჩორას დანაკლისის გამო ტაქტიკა რადიკალურად შეცვალა, შემდეგ კი თქვა, რომ გიორგის ერთპიროვნული ჩამნაცვლებელი ახლა ნაკრებში არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი ძვრები აქვს 21-წლამდე ნაკრების 6 ნომერს, ნოდარ ლომინაძეს, რომელმაც ასაკობრივის ბოლო ორ შეხვედრაში 180 წუთი ითამაშა და ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა!
ნოდარ ლომინაძე უკნიდან მოთამაშე ნახევარმცველი გახლავთ, რომელიც თანამედროვე 6-იანისთვის დამახასიათებელ სათამაშო უნარებსაც კარგად ფლობს. ტანმაღალ მოთამაშეს (1.94სმ) ძალიან უყვარს შეტევაში ჩართვა და გუნდის დახმარება, ზუსტად ისე, როგორც გიორგი ქოჩორაშვილს.
22 წლის ნოდარ ლომინაძე ახლა გორის დილაში თამაშობს, საიდანაც ის დინამო თბილისიდან არის განათხოვრებული. ლომინაძეს ეროვნულ ლიგაში საუკეთესო შედეგი 2023 წელს სამგურალის რიგებში ჰქონდა, როდესაც საყრდენმა ნახევარმცველმა 27 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკვე დაიწერა, რომ ლომინაძის ტრანსფერით ბელგიური და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თავის დროზე ოზურგეთში დაბადებულმა ფეხბურთელმა ქვეყნის ისტორიულ კურსს პატივი სცა და რუსეთის ლიგიდან მიღებული შემოთავაზება უარით გაისტუმრა.