ლაშა ტალახაძე უკვე 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება! ქართველმა ძალოსანმა 10 აგვისტოს კონკურენტი სომხები კვლავ დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე რიგით მესამე ოქრო მოუტანა.
ტალახაძე უკვე 30 წლის გახლავთ, შესაბამისად, 2028 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი 34 წლის იქნება. გარკვეული ხნის წინ, ლაშამ თავად თქვა, რომ, შესაძლოა, პარიზის ოლიმპიადა მისთვის ბოლო აღმოჩნდეს, საამისო მიზეზი კი ტრავმები და მათგან გამოწვეული პრობლემები გახლავთ. მიუხედავად ამისა, ლაშას მწვრთნელი, გიორგი ასანიძე და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი გეგმავენ, რომ ტალახაძემ მე-4 ოქროც აღმართოს და ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადაზეც მიიღოს მონაწილეობა.
ბევრი წლის წინ დავგეგმეთ, რომ 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მისია ამ ეტაპზე შესრულებულია. ვგეგმავდით ამ შედეგს და უფრო მეტსაც, მაგრამ ბოლო მისვლა მოვხსენი, აღარ იყო საჭირო დამატებითი რისკები. კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, სხვადასხვა კომპონენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა ხელისშემშმელი ფაქტორი ყოფილიყო, ნერვიულობაც მათ შორის, თუმცა, სიმშვიდე შეინარჩუნა თავიდან ბოლომდე, ცივი გონებით და თბილი გულით ვიყავით.
- გიორგი ასანიძე.
დღე დავაგვირგვინეთ ჰიმნით, როგორც ვიყავით შეპირებული. ლაშა ცოტა ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ეს რომ არა, შეიძლება რეკორდიც დაემყარებინა. თუმცა, ეს არის ძალიან დიდი შედეგი, შემოვიდა 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბში და არ მინდა ამით დავკმაყოფილდეთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, პირადაც მე, რომ ლაშას სახით საქართველოს ჰყავდეს 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.
- კახი კახიაშვილი.