რატომ დაეცა კვარაცხელიას ნეაპოლური სტატისტიკა - 2 მთავარი მიზეზი » სპორტის ხაზი

რატომ დაეცა კვარაცხელიას ნეაპოლური სტატისტიკა - 2 მთავარი მიზეზი

რატომ დაეცა კვარაცხელიას ნეაპოლური სტატისტიკა - 2 მთავარი მიზეზი
28-05-2024, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

2023/2024 წლების იტალიის ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულებულია. ნაპოლიმ შარშანდელი ტრიუმფის ნახევარიც კი ვერ აჩვენა და მე-10 პოზიციაზე დიდი გაჭირვებით გავიდა, ხვიჩა კვარაცხელია კი იმდენადვე ეფექტური აღარ ჩანდა, როგორც ეს მის სადებიუტო სეზონში იყო.

მოდით, ვისაუბროთ იმ გარემოფაქტორებზე, რამაც კვარაცხელიას გახსნას და შესაბამისად ათამაშებას ხელი საკმაო დოზით შეუშალა.

1. მწვრთნელების გამუდმებით ცვლა - ამ მხრივ, აურელიო დე ლაურენტისმა დიდი შეცდომა დაუშვა. ჯერ იყო საუდის არაბეთიდან წამოყვანილი რუდი გარსია, რომელთან დადებული შეთანხმებაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, შემდეგ მოძველებული ფეხბურთის მქადაგებელი ვალტერ მაცარი და ბოლოს უსახელო ფრანჩესკო კალცონა. 3 მწვრთნელი და სამი სხვადასხვა მოთხოვნა ხვიჩა კვარაცხელიას. ზოგი მათგანი ქართველს სიღრმეში მეტი თამაშისკენ მოუწოდებდა, ზოგი კი ფლანგზე დარჩენას ურჩევდა. ერთ სეზონში გამოცვლილი სამი სპეციალისტი გუნდს და მის ლიდერს ქაოსურ მდგომარეობაში რომ ჩააყენებს, ამაზე ნაპოლის პრეზიდენტს თავიდანვე უნდა ეფიქრა, რომელიც, ძირითადად იმაზეა ორიენტირებული, რომ მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც გუნდში მინიმალური დანახარჯით მოიყვანოს და არა იმაზე თუ რამდენად მოერგება მათი ტაქტიკური ხედვები გუნდის უშუალო ლიდერებს.

2. თანაგუნდელების სათამაშო ხარისხის ვარდნა - ფაქტი ფაქტია, შარშანდელ სეზონში კვარაცხელიას გენიალურ თამაშს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ლობოტკა-ანგისა-ჟიელინსკის ტრიო საოცრად გამოიყურებოდა, ახლა კი გუნდის ნახევარდაცვა სრულებით პარალიზებულია. ანგისას ჯერ კიდევ წინა სეზონის მეორე ნახევრიდან დაეწყო სტაბილური რეგრესი. შეიძლება ითქვას, რომ კამერუნელი თავის ძველ ყოფას დაუბრუნდა, როცა სხვებისგან დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა, ჟიელინსკიზე კი თითქმის მთელი სეზონია იწერება, რომ მოქმედ ჩემპიონ ინტერს უნდა შეუერთდეს. როგორია, გუნდში გყავდეს ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, რომელზეც გარანტირებულად იცი, რომ სეზონის ბოლოს უნდა დაგტოვოს. პიოტრი ბოლოსკენ განაცხადშიც კი აღარ შეჰყავდათ, რაც სავსებით ლოგიკურია, მისი ჩანაცვლება კი ვერცერთმა ახალმა მოსულმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. ერთადერთი ნახევარდაცვის წევრი, რომელიც წინა სეზონში ნაჩვენებ ხარისხს ინარჩუნებდა, ეს სტანისლავ ლობოტკა გახლდათ, თუმცა მხოლოდ საყრდენის ხარჯზე გუნდის ათამაშება, - ეს სრული უტოპიაა.

ალბათ, აურელიო დე ლაურენტისმა რაც ახლა უნდა გააკეთოს ისაა, რომ, პირველ რიგში, ეს ორი სეზონი ერთმანეთს კარგად შეადაროს და დასკვნები გამოიტანოს. დასკვნები იმის შესახებ, რომ საჩემპიონო გუნდს მუდმივად თითო გროშის გადაგდებით ვერ ააშენებ და უკვე ვარსკვლავად ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს გვერდით ვარსკლვავების მხარდაჭერა სჭირდებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი