ინდონეზიის საფეხბურთო ლიგაში, სადაც "არემა" და "პერსებაია სურაბაია" ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, სტუმრებმა მატჩის მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი გაიტანეს და ანგარიში 2:3 გახდა, რასაც მასპინძელთა გულშემატკივრები საშინელი რეაქციით შეხვდნენ, მოედანზე შეიჭრნენ და სრული ჯოჯოხეთი მოაწყვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "არემას" გულშემატკივართა მოწყობილი ქაოსი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამავე კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე იმყოფებოდა. რასაკვირველია, აღელვებული ხალხისა და უკონტროლო სიტუაციის ჩასახშობად, მატჩზე მობილიზებულმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ქაოსი კიდევ უფრო გაამძაფრა. როგორც ირკვევა, ადგილობრივ საავადმყოფოში 300-მდე ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა ზოგი გზაში, ზოგიც საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა (174 ადამიანი).
მოგვიანებით, "პერსებაიამ" სოციალურ ქსელში სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნა, "ფიფამ" კი თქვა, რომ ასეთ მატჩებზე ცრემლსადენი გაზის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. გარდა ამისა, Sky News-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ინდონეზიაში ფანები ქაოსურად იქცევიან და მატჩზე დაწესებულ პროტოკოლს არ ითვალისწინებენ: "ჩვენ მატჩის შემდეგ ორ ან სამ ადამიანს ვკარგავთ და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ვწუხვარ, რომ პრობლემა მანამდე ვერ მოგვარდა, სანამ მსგავს შედეგებს მივიღებდით", - ინდონეზიის ფუტსალის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.