ჭაბუკთა "ბ" ლიგა | ტიტულისთვის "ლელო" და "ხვამლი" იბრძოლებს » სპორტის ხაზი

ჭაბუკთა "ბ" ლიგა | ტიტულისთვის "ლელო" და "ხვამლი" იბრძოლებს

ჭაბუკთა "ბ" ლიგა | ტიტულისთვის "ლელო" და "ხვამლი" იბრძოლებს
გუშინ, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის 2025 წლის ჩემპიონს ‘ლელოსა’ და ‘ხვამლის’ დაპირისპირება გაარკვევს. ფინალური შეხვედრა 15 ივნისს, „რაგბი პლატოზე“ გაიმართება და 20:30 საათზე დაიწყება.

2014 წლიდან მოყოლებული ‘ლელო’ თავის მე-8 ტიტულს უმიზნებს. აღნიშნულ პერიოდში დიდ დიღმელებმა მიჯრით ბოლო 5 პირველობა მოიგეს და გაჩემპიონობა მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოახერხეს. 2024-25 წლების სეზონში ‘ლელომ’ რეგულარულში იპირველა, ყველა შეხვედრა მოიგო და ფინალის წინ ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

მიმდინარე სეზონის წინ ჩემპიონს სათავეში დიდი 10-ის ბინადარ ‘ლელოს’ ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის მარბიელი ბექა ყორიაული ჩაუდგა, ვინაც მისი წინამორბედი მწვრთნელების ხვავრიელი ტრადიცია წარმატებით განაგრძო. ‘ლელომ’ სრულად შეინარჩუნა საკუთარი თამაშის სტილი, მანერა და მონოლითურად შეკრული კოლექტივის რიგებში მყოფი არაერთი ნიჭიერი მორაგბე საქართველოს უმცროსი ასაკის ნაკრების წევრი ან კანდიდატი გახლავთ.

‘ხვამლმა’ რეგულარულ სეზონში თავის ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკლასიფიკაციო პლეი ოფის ორივე შეხვედრა ‘ლელოსთან’ პირწმინდად დათმო - 15:48 და 0:47. ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ ფინალში მესამედ ხვდებიან. მეტოქეთა წინა 2 რკენა ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა. გუნდების ბოლო ფინალური შეხვედრა ‘ლელომ’ 2 წლის წინ 16:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ‘ხვამლის’ წინამორბედმა ‘ხომლმა’ 2017 წელს სატიტულო შეხვედრაში დიდ დიღმელთა დამარცხება მოახერხა.

‘ლელო’-‘აიას’ გზები მიმდინარე პირველობის ნახევარფინალში გადაიკვეთა. გასული სეზონის ფინალში რიონისპირელებმა დიდ დიღმელებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ, ამჯერზე კი ‘ლელო’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრა. პლეი ოფის წინა ეტაპის მსგავსად, ‘ლელომ’ საშინაო შეხვედრის მასპინძლობა კვლავ ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ ითავა.

ბექა ყორიაულის შეგირდებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს. სწრაფ და კომბინირებულ თამაშს, მასპინძლები ჩვეულ დომინანტურ ბოჭვებსაც კარგად უთავსებდნენ და ‘აიას’ წარმატების იოტისოდენა შანსი არ დაუტოვეს. ‘ლელო’ ფულბეკ ოთო ტალახაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რასაც შესვენებამდე დიდ დიღმელთა 4 უპასუხო დადებული ლელო მოჰყვა. ჩემპიონის მხრიდან ლელო შუამარბებმა: ალექსანდრე მამაიაშვილმა და ტატო ტალახაძემ, მარბიელმა ნიკოლოზ ზარნაძემ და ფრთა ანდრია კუნჭულიამ გაიტანეს. ოთო ტალახაძემ 3 გარდასახვა გამოიყენა და ჩემპიონმა ტაიმი 29:0 მოიგო.

მეორე ნახევარში თამაშის ტემპმა შედარებით იკლო და მეტოქეები თითო გატანილ ლელოს დაჯერდნენ. ‘ლელომ’ უპირატესობა ბურჯ გიორგი ბერძენიშვილის გარდასახული ლელოთი გაიღრმავა, რიონისპირელებმა კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა ფრთა ვახო ჭუმბურიძის გარდასახული ლელოთი მოახერხეს. ჩემპიონმა მატჩი დამაჯერებლად მოიგო - 36:7 და ფინალში გავიდა, ‘აიას’ კი ნუგეშად ბრძოლა ‘აკადემიასთან’ ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს.

‘ხვამლი’-‘აკადემიას’ ნახევარფინალური შეხვედრა კი მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. ‘ხვამლი’ პლეი ოფს „მხატვრებზე“ 4-ით მაღალი, კლასიფიკაციის მე-2 საფეხურზე შეხვდა და დებულების თანახმად მასპინძლობის უფლებით ისარგებლა. შეხვედრის დებიუტში ‘აკადემია’ მგეზავი კაპიტან ნიკოლოზ ჩაჩანიძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდგომ „მხატვრებმა“ ხელიდან ლელოს დადების რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაუშვეს.

‘ხვამლმა’ შეხვედრაში გარდატეხა პირველი ტაიმის შუაწელიდან შეიტანა და ბურჯ ლუკა ბარბაქაძის დადებული წყვილი ძალისმიერი ლელოთი შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ნახევარში ანგარიშში სხვაობა ‘ხვამლის’ ფულბეკ რეზი ცხვედიანის დადებული ლელოთი გაიზარდა. ‘ხვამლის’ ფრთა გიორგი ირემაძემ მთლიანობაში 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

მუხიანელები თამაშის მაღალი ორგანიზაციით გამოირჩნენ და იმის მიუხედავად, რომ მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე შუამარბ საბა ცინცაძის მიერ მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო კაცნაკლულნი დარჩნენ, დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვეს და მარბიელ დათუნა დვალიშვილის გატანილი ლელოთი დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირეს - 32:3.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი