ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფი სენსაციების გარეშე დაიწყო » სპორტის ხაზი

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფი სენსაციების გარეშე დაიწყო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | საჩემპიონო პლეი ოფი სენსაციების გარეშე დაიწყო
დღეს, 01:42
Aa Aa
გაზიარება:

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფს, ორი ჯგუფური ეტაპი და წინასწარი პლეი ოფის შეხვედრები უსწრებდა. „ოქროს“ ჯგუფის 12-ვე მონაწილეს პლეი ოფში „ვერცხლის“ ლიგის 4 წარმატებული გუნდი შეუერთდა და ტიტულისთვის ბრძოლა 1/8-ური ეტაპიდან გაგრძელდა. 1-მატჩა პლეი ოფის ყველა ეტაპზე მოედნის უპირატესობით უკეთეს-ნომრიანი გუნდები სარგებლობენ. ბრინჯაოს მედლისა და სატიტულო შეხვედრათა ლოკაციას კი რაგბის კავშირი მოგვიანებით განსაზღვრავს.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ მესამე მასივში ბოლნისის ‘ყოჩები წითელს’ დაუპირისპირდა. ბექა ყორიაულის გუნდი მონაწილეთა შორის ერთადერთი კოლექტივია, რომელმაც პლეი ოფს დაუმარცხებლად უწია და შეჯიბრებას პირველ ნომრად აგრძელებს.ჩემპიონი განუზომელ უპირატესობას ფლობდა, პირველ ტაიმში 43 ქულა დააგროვა და უთანასწორო ბრძოლაში მეტოქეს მთლიანობაში 13 უპასუხო ლელო დაუდო. ბექა ყორიაულის გუნდი მარბიელ ლუკა შულაიას გატანილი ლელოთი დაწინაურდა. შულაიამ შემდგომში „პოკერი“ (4 ლელო) გაიფორმა. მასპინძელთა შუამარბმა ალექსანდრე მამიაშვილმა კი „დუბლი“ შეასრულა. ‘ლელომ’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო - 83:0.

‘ლელოს’ მეტოქეს 1/4-ფინალში რუსთავის ‘ხარებისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ ქვემოქართლური დერბი არკვევდა. მეტოქეები პლეი ოფს შესაბამისად მე-8 და მე-9 ნომრად შეხვდნენ. ‘ხარებმა’ ტრავმებისა და რიგ მიზეზთა გამო ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი მორაგბე მოისაკლისა, რაც რუსთაველთა თამაშზე უარყოფითად აისახა. ‘არმაზი’ მატჩის დებიუტში კვაჭ გიორგი დევაძის მიჯრით გატანილი წყვილი ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ ბორის აბაშიძის ბიჭებმა უპირატესობა მეთოდურად გაიღრმავეს, მთლიანობაში მასპინძლებს 4-ით მეტი, 7 ლელო დაუდეს და მატჩი დამაჯერებლად - 43:17 მოიგეს.

პლეი ოფში თამაშის უფლება ‘ლელოს’ მეორე გუნდმაც მოიპოვა, რომელიც უმეტესად 2008 წელს დაბადებული ჭაბუკებითაა დაკომპლექტებული. ბექა გავაშელიშვილისა და გიგა გრიგალაშვილის ბიჭებს ელიტის მე-2 ადგილოსან ‘ხვამლთან’ მუხიანში მოუწიათ დაპირისპირება.

მართალია, შეხვედრა ‘ხვამლის’ სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა უმცროსმა ლელოელებმა მატჩის რიგ ეპიზოდებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და პირველი ტაიმის შუაწელს მარბიელ ანდრია ასათიანის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. ‘ხვამლმა’ კი მთლიანობაში 8 ლელო გაიტანა და ყველა მათგანი სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშსზეა.

დავით ცხვედიანისა და რატი ურუშაძის გუნდის წარმატებას სათავე მხტომელ ანდრია ხუბუნაიას გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული შუამარბის ნიკა აბრამიშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ხვამლმა’ შეხვედრა 48:7 მოიგო. მუხიანელთა მეტოქე მომდევნო ეტაპზე ‘ლოკომოტივი’ იქნება. „რკინიგზელებმა“ მშობლიურ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე უშანსოდ ‘ფოთი’ დატოვეს - 48:10.

ბათუმში, ‘ბათუმისა’ და ‘ჩაქვის’ აჭარულ დერბიში კლასით მაღლად მდგომი მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე პირველ ტაიმში შუამარბ ტონი რიონიძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს. საკუთრივ კი კლასიფიკაციაში მე-3 ნომრის მქონე გელა ჭოველიძის შეგირდებმა 12 ლელო გაიტანეს. ბათუმელთა წარმატებას საფუძველი მგეზავ მათე მახარაძის გატანილმა ლელომ ჩაუყარა, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, ფრთა გიგი აბაშიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა - 76:3.

ბათუმელთა მეტოქე 1/4-ფინალში ‘აკადემია’ იქნება. ბრინჯაოსმედალოსანი „მხატვრები“ კლასიფიკაციაში მე-6 პოზიციას დაჯერდნენ, საჩემპიონო პლეი ოფის პირველ ეტაპზე კი ‘აიას’ მეორე გუნდს „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლეს და მეტოქეს 2-ჯერ მეტი, 8 ლელო დაუდეს. „მხატვართა“ ფულბეკმა ალექსანდრე რობაქიძემ „დუბლი“ შეასრულა. რიონისპირელთა მხრიდან კი წყვილი ლელო კვაჭმა ლაზარე გურეშიძემ გაიტანა. ‘აკადემიამ’ შეხვედრა 48:22 მოიგო.

„აია არენაზე“, ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დედაქალაქურმა ‘რაშებმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და მასპინძლებს 2 გარდასახულ ლელოსთან ერთად ჯარიმაც გაუტანა. აღსანიშნავია, რომ „ვერცხლის“ ლიგიდან პლეი ოფში მაქსიმალური შედეგით გასულ ‘რაშებთან’ წარმატების მისაღწევად ‘აიას’ ძალთა მაქსიმალური მობილიზება მოუხდა. რიონისპირელები მხტომელ საბა ჯინჭველაშვილის დადებული ლელოთი დაწინაურდნენ და შემდგომში მონაგარს კიდევ 5 გატანილი ლელო შემატეს. გაგა სინაურიძის გუნდის გამარჯვება მარქაფადან ჩართული კვაჭის გიორგი კასოევის დადებულმა ლელომ დააფიქსირა - 36:15.

‘აიას’ მეტოქე მომდევნო ეტაპზე ‘არმია’ იქნება. „არმიელებმა“ „რაგბი ჭალაში“ უშანსოდ ‘წიქარა’ დატოვეს - 92:0. ‘აია’ მომავალ მეტოქეზე 1-ით მაღალ, მე-4 ნომერს ფლობს და შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი 1/4-ფინალში „არმიელებს“ მშობლიურ „აია არენაზე“ დაუხვდება.



1/4-ფინალში ითამაშებენ (ერთი თამაში):

‘ლელო’ (1) - ‘არმაზი’ (9)

‘ხვამლი’ (2) - ‘ლოკომოტივი’ ( 7)

‘ბათუმი’ (3) - ‘აკადემია’ (6)

‘აია’ (4) - ‘არმია’ (5)

მატჩები უკეთეს-ნომრიანი გუნდების არენებზე 28-29 მაისს გაიმართება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი