ვეტერანი ქართველი ბორჯღალოსანი სანდრო თოდუა გუნდთან ერთად იტალიაშია და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება.
ცნობისთვის, თოდუამ 10 ნოემბერს ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ 115-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეკო კვირიკაშვილს გაუტოლდა.
"იტალია ბოლო წლებში სულ ვითარდება, ახლაც კარგი გუნდი ყავთ და დაძაბული თამაშის მოლოდინი მაქვს. ისინი კონტრშეტევებზე ცდილობენ თამაშს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბრძოლო დარტყმები შევასრულოთ, მეტოქე კარგად ჩავხუროთ და არ მივცეთ კონტრშეტევების წამოღების შესაძლებლობა. კარგად მახსოვს როგორი ნაწყენები იყვნენ ბათუმში განცდილი მარცხის შემდეგ და რევანში წყურიათ. ისინი საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩვენის მხრიდან ძალიან მაღალი დონის თამაშს წააწყდნენ. ახლაც ვეცდებით, რომ ორი წლის წინანდელი შედეგი გავიმეოროთ და ამისათვის თავს არ დავზოგავთ", - განაცხადა თოდუამ.
ცნობისთვის, იტალიისა და საქართველოს შეხვედრა 17 ნოემბერს გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება.