"ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს მეექვსედ დაუპირისპირდებიან » სპორტის ხაზი

"ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს მეექვსედ დაუპირისპირდებიან

"ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს მეექვსედ დაუპირისპირდებიან
13-11-2024, 02:23
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, ბორჯღალოსნები 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ერკინებიან.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას ბორჯღალოსნები საფრანგეთში, მონპელიეში ოლ ბლექს XV-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ.

ბორჯღალოსნებისა და იტალიის შეხვედრა „ლუიჯი ფერარიზე“ ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. „ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს.

აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).

ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით - გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა ანგარიშით 28:17.

2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.

მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.

- ვკითხულობთ რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი