თბილისის არმიამ რუსთავის ხარები მისსავე მოედანზე დაამარცხა » სპორტის ხაზი

თბილისის არმიამ რუსთავის ხარები მისსავე მოედანზე დაამარცხა

თბილისის არმიამ რუსთავის ხარები მისსავე მოედანზე დაამარცხა
5-11-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის ‘არმიამ’ რუსთავის ‘ხარები’ მისსავე მოედანზე 29:22 დაამარცხა, უშალო კონკურენტი სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა და მესამე ადგილზე აღზევდა.

დიდ 10-ში წელს დაბრუნებულმა „არმიელებმა“ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს და ჯამში 20 ქულა მოაგროვეს. ‘ხარებს’ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 19 გაუხდა და მე-4 პოზიციაზეა.

„ხარები არენაზე“ თამაში ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რამაც მის მსვლელობაზე გავლენა იქონია. შეხვედრა მასპინძლების იერიშებით დაიწყო და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა - 5-მეტრიანთან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელოს კოტე გაზაშვილმა უწია და გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა. ‘არმიამ’ მე-12 წუთზე უპასუხა, მოლს კოლი ტამანიტოაკულა მოწყდა, მოკლე ფრთაზე დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და ლელო ალამთან გაიტანა.

25-ე წუთზე ‘ხარები’ მეორედ შევიდა ‘არმიას’ 22-ში, ფაზები აკინძა და ლელო ძელებსშუა გიორგი პეტრიაშვილმა გაიტანა. თამაში რომ განახლდა რუსთაველებმა ბურთი ვერ აიღეს, ტამანიტოაკულამ შეუტია და ორი მიძალების შემდეგ ლელო თავადვე შეიტანა. მამუკა ნინიძემ ამჯერად გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, მალე მონაგარს ჯარიმიდან 3 ქულა შემატა და ტაიმი სტუმრებს მინიმალური სხვაობით მოაგებინა - 15:14.

შესვენების შემდეგ პეტრიაშვილმა ჯარიმით ‘ხარებს’ ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა ნინიძემ 50-ე და 52-ე წუთებზე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. მერე კობა ჯიმშელეიშვილი სინბინით დაისაჯა და ‘არმიამ’ რიცხობრივი უპირატესობით 2 წუთში ისარგებლა. მოლის შემდეგ შეტევა მოკლე ფრთაზე განვითარდა, სადაც სანდრო ილურიძე მცველებს უყურადღებოდ დარჩათ და თავისი გუნდის მესამე ლელო ალამთან მიითვალა.

ნინიძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა, თუმცა ტაიმის შუაში ჯარიმიდან იხეირა და სტუმართა უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა. ‘ხარებმა’ მარცხის საფრთხე იგრძნო, გააქტიურდა და 61-ე წუთზე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა. ყვითელი ბარათი ლაშა ბარბაქაძემ მიიღო, რასაც ორიოდე წუთში თამაზ ჭამიაშვილის ძალისმიერი ლელო მოყვა და სხვაობა 1 გარდასახულ ლელომდე დავიდა.

რუსთაველებს თამაშის გადასარჩენად დაახლოებით 16 წუთი ქონდათ, რომლის ნახევარი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს. ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი ‘არმიას’ ქონდა, რომელსაც 73-ე წუთზე ჯარიმა გაუცუდდა, რამაც ‘ხარებს’ 1 ნუგეშ-ქულის აღების შესაძლებლობა მისცა - 22:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოლი ტამანიტოაკულა გახდა.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი