UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მომდევნო ორთაბრძოლას 30 ივნისს, UFC 303-ზე გამართავს, სადაც მას კონკურენციას ვეტერანი ამერიკელი, ენტონი სმიტი გაუწევს.
მოგახსენებთ, რომ სმიტს კარლოს ულბერგთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრძოლიდან ჩაეხსნა. ამის შემდეგ კი ამერიკელმა სპორტსმენმა ახალი მეტოქის შერჩევა მოითხოვა და ორგანიზაციამ ულბერგის ჩანაცვლება სწორედ დოლიძეს შესთავაზა, რაზეც ქართველი დათანხმდა.
ენტონი სმიტი 35 წლის გახლავთ. პროფესიონალურ კარიერაში მან 38 გამარჯვება იზეიმა და 19-ჯერ დამარცხდა. ის UFC-ში 2016 წლიდან გამოდის. აღსანიშნავია, რომ სმიტისა და დოლიძის ბრძოლა ქვემძიმე წონით კატეგორიაში შედგება.
"კავკასიელს" ამჟამად 2-ბრძოლიანი წაგებათა სერია აქვს და ამ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.